გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების საბჭომ და CENN-მა გამართეს საინფორმაციო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რომლებიც არ არიან საბჭოს წევრები.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ მეტი უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის, სტრუქტურისა და მის ქვეშ არსებული ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფის შესახებ; მათ იმსჯელეს სამოქალაქო სექტორის როლზე SDG-ების განხორციელების, მონიტორინგსა და ანგარიშგების პროცესებში და ჩართვის შესაძლებლობებზე.
საქართველოს SDG საბჭო არის მრავალსექტორული პლატფორმა, რომელიც ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაზე მუშაობს. მისი ფუნქციებია SDG-ების განხორციელებასთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკითხების კოორდინაცია; შესაბამისი სამუშაო ჯგუფების შექმნა და ზედამხედველობა სტრატეგიული დაგეგმვის, ინტეგრირებული განხორციელებისა და SDG-ებთან დაკავშირებული თემატური სფეროების ეფექტური მონიტორინგის მხარდასაჭერად; SDG-ების ინტეგრირება საქართველოს ეროვნულ პოლიტიკაში და ა.შ.;
საბჭოს ქვეშ შექმნილია ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი (WG) სოციალური ჩართულობის, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული მმართველობისა და მდგრადი ენერგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებებზე.
თემატური სამუშაო ჯგუფები ღიაა იმ ორგანიზაციების ან სუბიექტების წევრობისთვის, რომლებსაც აქვთ არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამუშაო ჯგუფების სულ მცირე ერთ სფეროში; და შესაბამისი (ადამიანური) რესურსები სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში სტაბილური მონაწილეობისთვის. დამატებითი ინფორმაცია საბჭოს სტრუქტურასა და მუშაობაზე, საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის შესახებ და სამუშაო ჯგუფების წევრობაზე ხელმისაწვდომია www.sdg.gov.ge-ზე.
თითოეულ სამუშაო ჯგუფს ჰყავს სამი თანათავმჯდომარე – სახელმწიფო უწყებებიდან, გაეროს წარმომადგენლობიდან და შესაბამისი სამოქალაზო საზოგადოების ორგანიზაცია. CENN მდგრადი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარედ იქნა არჩეული (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და FAO-სთან ერთად). GIZ-ისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, CENN აქტიურად თანამშრომლობს SDG საბჭოსთან, მის სამდივნოსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო ჯგუფების მუშაობის გასაძლიერებლად.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის „SDG-ების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ეგიდით. პროექტის მიზანია SDG-ების განხორციელების ხელშეწყობა, ნაციონალიზაციისა და ლოკალიზაციის (ადგილობრივ დონეზე დანერგვის) პროცესების გაგრძელება მონაწილეობითი პროცესისა და მრავალსექტორული დიალოგის უზრუნველყოფის გზით ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.
პროექტი მიმართულია საქართველოში SDG საბჭოს სამდივნოს, თემატური სამუშაო ჯგუფების, არასახელმწიფო დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებისკენ, რითიც ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას.