fbpx

მწვანე ოფისი

ჩვენი ყოველდღიური ქცევა სამუშაო ადგილზე ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანია, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენს გარემოზე სხვადასხვანაირად – ეს დამოკიდებულია ჩვენს არჩევანზე და გადაწყვეტილებებზე. დღეს მსოფლიო არამდგრადი ქმედებებიდან ჭკვიან გადაწყვეტილებებსა და მწვანე ინიციატივებზე გადადის. თქვენც შეგიძლიათ ასეთი ცვლილების მომტანი იყოთ. საკუთარი თავის შესაცვლელად მხოლოდ პატარა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

CENN-ის ოფისისგან თქვენს ოფისებს ვუზიარებთ რამდენიმე იდეას, თუ როგორ შეცვალოთ თქვენი სამუშაო ადგილის ზემოქმედება ჩვენი პლანეტის სასიკეთოდ. გაეცანით ჩვენს რჩევებს და გამოიყენეთ ჩვენი საკონტროლო სია ოფისის გამწვანების საქმეში თქვენი წინსვლის შესაფასებლად, ხოლო უფრო დეტალური კონსულტაციისთვის, დაგვიკავშირდით: info@cenn.org

საკონტროლო სია მწვანე ოფისისთვის:

  • დამონტაჟებულია ენერგოეფექტური კომპაქტური ნათურები
  • ორმხრივი ბეჭდვა და კოპირება ჩვეულებრივი ამბავია
  • ნარჩენების განცალკევება ხდება გადამუშავებისთვის
  • სამზარეულო/აბაზანაში გამოიყენება ქსოვილის ხელსახოცები
  • არსებობს ქსოვილების რეცხვის სისტემა
  • სამზარეულოში არ გამოიყენება ინდივიდუალურად შეფუთული შაქარი და ნაღები
  • ოფისში არის „მეორადი საქონლის ზონა“
  • აპარატურა და მოწყობილობები დაყენებულია ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე
  • ელექტრო აპარატურა გამორთულია ღამით და შაბათ-კვირას
  • რადიატორები და გამათბობლები არ არის ჩახერგილი ავეჯით
  • ზამთარში ყველა კარ-ფანჯარას იზოლაცია აქვს
  • სამახსოვროებით ახსენებთ თანამშრომლებს გამორთონ განათება, როცა არ არის საჭირო
  • ზაფხულში კონდიციონერის ნაცვლად გამოიყენება ჭერის ვენტილატორი
  • შემუშავებულია სტრატეგიები ყოველდღიური მგზავრობის შესამცირებლად
  • კომპიუტერის მონიტორები იძინებენ რამდენიმე წუთის უმოქმედობის შემდეგ

გაეცანით ჩვენს რჩევებს:

  1. თვალი ადევნეთ: აკონტროლეთ რამდენს იყენებთ და რამდენს ფლანგავთ!
  • აკონტროლეთ რამდენ ასლს იღებთ. გამოიყენეთ მრიცხველი თქვენს აპარატზე, რათა დაადგინოთ რამდენი ქაღალდი გამოიყენება. გაგიკვირდებათ!
  • გამოთვალეთ ყოველწლიურად თქვენს ოფისში გამოყენებული ქაღალდის წონა და მოცულობა და აცნობეთ თქვენს თანამშრომლებს რამდენს იყენებენ.
  1. დაზოგეთ ქაღალდი: დაფიქრდით სანამ დაბეჭდავთ!
  • გამოიყენეთ ბეჭდვის წინასწარ გადახედვის პროგრამული უზრუნველყოფა (Microsoft Office-ის ნებისმიერ აპლიკაციაში აირჩიეთ File – Print Preview);
  • დარწმუნდით, რომ აბზაცები და გვერდები სწორადაა დალაგებული;
  • აირჩიეთ სწორი შრიფტის ზომა ბეჭდვისთვის;
  • გამოიყენეთ ფუნქცია „shrink to fit“ ქაღალდის ადეკვატურად გამოყენებისთვის;
  • ყოველთვის შეამოწმეთ შეცდომები ეკრანზე დაბეჭდვამდე, რათა თავიდან აიცილოთ მრავალჯერ ამობეჭდვა;
  • მოერიდეთ დიდი დოკუმენტების, PowerPoint პრეზენტაციების, ონლაინ დოკუმენტაციისა და ელექტრონული ფოსტის მრავალჯერადი ასლების გაკეთებას;
  • აირჩიეთ ორმხრივი ბეჭდვა და ფოტოკოპირება;
  • გამოიყენეთ შემცირების ფუნქცია კოპირების დროს, რათა მეტი მოთავსდეს გვერდზე;
  • მოუწოდეთ თანამშრომლებს ანგარიშების ასლები გააზიარონ და გაცვალონ ერთმანეთში და არ ამობეჭდონ მხოლოდ ინდივიდუალური გამოყენებისთვის;
  • დაბეჭდეთ რამდენიმე გვერდი ერთ ფურცელზე პრეზენტაციებისთვის და მსგავსი მიზნებისთვის;
  • შეამცირეთ ქაღალდის ნარჩენები, ისარგებლეთ ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით ჩვეულებრივი ფოსტის მაგივრად;
  • განაახლეთ თქვენი საფოსტო მისამართების სია – წაშალეთ ყველა მოძველებული კონტაქტი;
  • დაბეჭდეთ კომპანიის სავიზიტო ბარათები და არა ინდივიდუალური ბარათები, რომლებიც შეიძლება ზედმეტი დარჩეს.
  1. დაზოგე საბეჭდი ფხვნილი!
  • ‘Draft’ ხარისხით ბეჭდვის დროს ნაკლები საბეჭდი ფხვნილი იხარჯება. აირჩიეთ „draft“ ბრძანება “print“ ბრძანების გამოყენებისას – ჩვეულებრივ “Printer Option”-ის ქვეშ Windows Print Dialog-ის ველში;
  • მუდმივადაც კი შეგიძლიათ დააყენოთ ეს პარამეტრი თქვენს პრინტერზე რომ ავტომატურად ბეჭდოს Draft ხარისხით.
  1. გააზიარეთ საკანცელარიო ნივთები!
  • საკანცელარიო ნივთები – სტეპლერები, და ა.შ., შეგიძლიათ იქონიოთ საერთო, და არა თითოეულს თქვენი საკუთარი.
  1. მრავალჯერადად გამოიყენეთ საოფისე და სამზარეულოს ნივთები!
  • მოაწყვეთ საკანცელარიო ნივთების „ხელახალი გამოყენების ცენტრი“ ან „მეორადი საქონლის ზონა“ გამოყენებული ბაინდერებისთვის, საქაღალდეებისთვის, შეფუთული კონვერტებისთვის, მუყაოს ყუთებისთვის და ა.შ.;
  • მეორადად გამოიყენეთ გამოყენებული ქაღალდები ჩანაწერების გასაკეთებლად;
  • იხმარეთ კონვერტები, რომელთა დიზაინი იძლევა ხელმეორედ გამოყენების შესაძლებლობას, მაგალითად, შესაძლებელია ხელახალი დალუქვა, ან შეიძლება რამდენჯერმე დაიწეროს მისამართი;
  • მრავალჯერადი გამოყენების ფინჯანი კარგი ინვესტიციაა პლანეტისა და თქვენი ჯანმრთელობის გადასარჩენად. ერთჯერადი ჭიქები, ხშირად შეიცავს პოლისტიროლს, რომელიც, გარდა იმისა, რომ ნავთობზეა დამზადებული და არ ექვემდებარება გადამუშავებას, ადამიანისთვის შესაძლო კანცეროგენის – სტიროლის გამოყოფის რისკსაც შეიცავს. მაინცდამაინც უკეთესი არც ქაღალდის ჭიქებია, რადგან მათი წარმოებისა და გათეთრების ენერგეტიკულად ინტენსიური პროცესის დროს გამოიყოფა დიოქსინი, ცნობილი კანცეროგენი. გარდა ამისა, ნაგავსაყრელებში ქაღალდის დაშლისას გამოიყოფა მეთანი, უფრო ძლიერი სითბოს დამჭერი სათბურის გაზი, ვიდრე ნახშირორჟანგი;
  • სამზარეულოსა და აბაზანაში ჩამოკიდეთ ხელსახოცები და ქაღალდის ნაცვლად გამოიყენეთ ქსოვილის ხელსახოცები.
  1. დაზოგეთ ენერგია!
  • დარწმუნდით, რომ ყველა კომპიუტერი და სხვა საოფისე აპარატურა გამორთულია როდესაც არ იყენებთ, და რომ ელექტრო განათება გამორთულია, თუ ბუნებრივი განათება საკმარისია;
  • დარწმუნდით, რომ ჩართულია ენერგიის დაზოგვის ფუნქციები კომპიუტერებზე, პრინტერებსა და ასლების გადამღებ აპარატებზე (ქსეროქსი);
  • შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ ენერგოეფექტური ნათურები. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ერთი 75-ვატიანი ინკანდესენტური ნათურის შეცვლა 19 ვატიანი კომპაქტური ფლუორესცენტური ნათურით (CFL) ამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას წელიწადში 34 კგ-ით და 340-მდე კგ-ით ნათურის სიცოცხლის განმავლობაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ფულის დანაზოგზე ენერგიის გადასახადში;
  • სასწრაფოდ შეცვალეთ მბჟუტავი ფლუორესცენტური ნათურები;
  • გაუკეთეთ ოფისს თბოიზოლაცია ენერგიის ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად;
  • დარწმუნდით, რომ რადიატორები და გამათბობლები არ არის ჩახერგილი ავეჯით;
  • ნუ გადაახურებთ ოფისს;
  • გამოიყენეთ ჟალუზები ზაფხულში ზედმეტი გათბობის თავიდან ასაცილებლად და კონდიცირების ხარჯების დაზოგვის მიზნით;
  • ზაფხულში კონდიციონერს ვენტილატორის გამოყენება სჯობს, რადგან ვენტილატორები 98%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ, ვიდრე კონდიციონერები და თითქმის 6 გრადუსით სწევენ დაბლა ტემპერატურას;
  • კარგ ამინდში გამოაღეთ ფანჯრები და გამორთეთ კონდიციონერი;
  • ნუ გაავსებთ ჩაიდანს ერთი ფინჯანი ყავის მოსამზადებლად.
  1. გადაამუშავეთ ნარჩენები!
  • დაახარისხეთ ნარჩენები გადამუშავებად კატეგორიებად (ქაღალდი, პლასტმასი, მინა, ქილა);

  • შეუთანხმდით შესაბამის ორგანიზაციებს რომ წაიღონ გადამუშავებადი ნარჩენები (CENN მზადაა ამაში დაგეხმაროთ), ან თვითონ მიიტანეთ შესაბამის გადამამუშავებელ პუნქტებში;
  • შეიძინეთ გადამუშავებული ქაღალდი და ქაღალდზე დაფუძნებული პროდუქტები გადამამუშავებელი ბიზნესის მხარდასაჭერად.
  1. ყურადღება მიაქციეთ, როგორ გადაადგილდებით!
  • წაახალისეთ თქვენი თანამშრომლები, ისარგებლონ საზიარო ტრანსპორტირებით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან, კიდევ უკეთესი, ველოსიპედით. ამის გაკეთება შესაძლოა თუ დანერგავთ ბონუსების სქემებს მანქანის გაზიარებისთვის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისთვის და თუ მოაწყობთ ველოსიპედებისთვის უსაფრთხო პარკირების ადგილებს. გახსოვდეთ, რომ ყოველდღიურად საშუალოდ 20 კილომეტრიანი მგზავრობა მანქანით ყოველწლიურად გამოიმუშავებს 1250 კილოგრამამდე CO2-ს;
  • მოერიდეთ არასაჭირო მგზავრობას, თუ საკითხის მოგვარება შესაძლებელია სატელეფონო ზარის, წერილის ან ვიდეოკონფერენციის საშუალებით;
  • დარწმუნდით, რომ შეხვედრები და ტრენინგები ტარდება იმ ადგილებში, რომლებსაც ემსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოწვევაში ჩაწერეთ მითითებები მატარებლით ან ავტობუსით მგზავრობისთვის.
  1. გააზიარეთ იდეები და გააგრძელეთ გაუმჯობესება!
  • თქვენი ოფისის გამწვანებისას შეიძლება იპოვოთ ნარჩენების, წყლის ან ენერგიის მოხმარების შემცირების უკეთესი გზები – გაუზიარეთ თქვენი იდეები სხვებს.

სხვა ინოვაციური იდეებიც გაქვთ? მოგვწერეთ info@cenn.org