ხანგრძლივობა: 2017-2020
გეოგრაფიული დაფარვა: თბილისი, აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი (საქართველო)
განმახორციელებელი: CENN
დონორი: USAID
“ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” პროგრამის II ფაზა საქართველოს მთავრობას ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში დაეხმარა. კერძოდ, ეს დახმარება მოიცავდა საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებას საზოგადოების მონაწილეობით და ჩართულობით, ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკის ჩამოყალიბებას კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული მნიშვნელოვანი ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების მართვის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდას.
პროგრამის მიზანი იყო საქართველოს მთავრობისთვის, კერძოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის (პნპეპ) შემუშავებაში დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობით ეროვნული კანონმდებლობისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად, ასევე დაინტერესებულ მხარეთა ცნობიერების ამაღლება პლასტმასის ნარჩენების პრევენციის მნიშვნელობის შესახებ.
ცირკულარული ეკონომიკა და რესურსეფექტიანობა
პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და მიიღო ნარჩენების მართვის 19 გეგმა მუნიციპალიტეტებისთვის, 3 კი დაცული ტერიტორიებისთვის. პროგრამის მეშვეობით შემუშავდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების 3 რეგულაცია. პროექტის სამიზნე რეგიონებში გაუქმდა 10 უკანონო ნაგავსაყრელი, რითაც შემცირდა უკონტროლო დანაგვიანებითა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურებით გამოწვეული ბიომრავალფეროვნების პრობლემები. “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” პროგრამის II ფაზის ფარგლებში დაიწყო ეროვნული კამპანია ‘გარემოს გულისთვის’, რომლის მიზანია საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვა და სუფთა გარემოს შენარჩუნება კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორთან გრძელვადიანი პარტნიორობით და თანამშრომლობით.
“ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” პროგრამის II ფაზის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალი საჯარო და კერძო თანამშრომლობა ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების სფეროში, შედეგად კი ქვეყანაში გაჩნდა ნარჩენების სეპარაციის პირველი საჯარო სქემები. 2020 წლის მდგომარეობით, პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში არსებობს საზოგადოებრივ ადგილებში განლაგებული ნარჩენების სეპარაციის 47 კუთხე, სადაც შესაძლებელია მოქალაქეებმა განათავსონ დახარისხებული ნარჩენები (ქაღალდი, პლასტმასის ბოთლები, მინა და ალუმინი) შემდგომ გადასამუშავებლად. კერძო კომპანიები აგროვებენ ამ დახარისხებულ ნარჩენებს და გადამამუშავებელ კომპანიებს აწვდიან. საქართველოს რეგიონებში 28 სკოლამ დაიწყო ქაღალდის ნარჩენების სეპარაცია. გარდა ამისა, სხვადასხვა დაწესებულებებმა თავის ტერიტორიაზე დაიწყეს ნარჩენების დახარისხება.
პროგრამის ყურადღების ცენტრში იყო ნარჩენების მართვის სექტორის ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა, შესაბამისი ტარიფებისა და ხარჯების აღდგენის სისტემის დანერგვისა და, ნარჩენების უკანონო განთავსების შემთხვევაში, ეფექტური საჯარიმო სისტემის შემუშავების გზით.
ბიზნეს გარემოს შექმნა ინკლუზიური ეკონომიკისთვის
“ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” პროგრამის II ფაზა, ტექნიკური მხარდაჭერისა და ქვეგრანტების მეშვეობით, საქართველოს დაეხმარა გადამამუშავებელი წარმოებების გაძლიერებაში, რათა მათ გააუმჯობესონ ბიზნეს ოპერაციები და გაზარდონ გაყიდვები. შედეგად, ნარჩენების შემგროვებელმა და გადამამუშავებელმა 15 კომპანიამ ნარჩენების დიდ წარმომქმნელებთან ძლიერი ბიზნეს კავშირების დამყარებით, გადამუშავებადი ნარჩენების შეგროვების სქემების ოპტიმიზაციითა და პროგრამით დადგენილ საჯარო ნარჩენების გადამუშავების სისტემებში ჩართულობით გააუმჯობესა მიწოდების ჯაჭვი და უფრო ადვილი გახადა ნედლეულის მოპოვება. პროგრამის “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” II ფაზა ასევე დაეხმარა კომპანიებს მენეჯმენტის პრაქტიკის და ბიზნესის ეფექტურობის გაუმჯობესებაში, საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილების, ფინანსური სისტემების და მარკეტინგული პროცესების გაუმჯობესების, და პროდუქტის ხარისხის სტანდარტების დანერგვის გზით. გარდა ამისა, 5 გადამამუშავებელმა კომპანიამ, ქვეგრანტების საშუალებით შეძლეს განეახლებინათ აღჭურვილობა, გაეზარდათ წარმოების შესაძლებლობები და მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინათ გადამუშავებული პროდუქციის ხარისხი.
პროგრამის ფარგლებში დაარსდა და გაძლიერდა საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია. მხარდაჭერა მოიცავდა ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, ხელშეწყობას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან კავშირების დამყარებასა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში, ასევე სამთავრობო დონეზე საკანონმდებლო ცვლილებების ლობირებას.
განათლების სისტემების გაძლიერება
პროგრამამ მოახერხა ცირკულარული ეკონომიკის შესახებ თანამედროვე კურსის ჩართვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამაში. ასევე განახორციელა შესაძლებლობების განვითარების, განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ფართო ღონისძიებები, რითაც ამაღლდა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების გათვითცნობიერებულობა და შესაძლებლობები ნარჩენების მართვის სათანადო პრაქტიკების გამოყენებაში. მედია არხების საშუალებით – რადიო, ტელევიზია, ელექტრონული და სოციალური მედია, ბეჭდური პრესა, ასევე ცოდნის (ბუკლეტები, საინფორმაციო პლაკატები, ინფოგრაფიკა და ა.შ.) და სარეკლამო მასალები – ინფორმაცია ფართო აუდიტორიას მიეწოდა. ინტერაქტიურმა საქმიანობებმა, როგორიცაა ტრენინგები, სემინარები, მრგვალი მაგიდები და დებატები (მწვანე კაფეები, ფილმების ჩვენება), საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ფართო კამპანიებმა (გადამუშავების კვირები/დღეები, ბაზრობები/ფესტივალები, შეიქმნა გამოფენები, კონკურსები, გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნა, დასუფთავების კამპანიები) და ეკოლოგიურად სუფთა საგანმანათლებლო და სასწავლო სივრცეებმა ხელი შეუწყვეს მოტივაციის ამაღლებას, შესაძლებლობების განვითარებას და უნარების გაზრდას და საბოლოო ჯამში ქცევის ცვლილებების ჩამოყალიბებას.
ჯამში 5418 ადამიანმა გაიარა სწავლება ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში, მათ შორის 3000-ზე მეტმა ქალმა, 3477 სკოლის მოსწავლემ, 219 უნივერსიტეტის სტუდენტმა, 244 კერძო სექტორის წარმომადგენელმა, 528 სკოლისა და საბავშვო ბაღის მასწავლებელმა, ასევე მუნიციპალიტეტების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა ორგანიზაციების 950 წარმომადგენელმა. პროგრამის მიერ შემუშავებული ნარჩენების მართვის იერარქიის მასალები ჯამში 6988 ადამიანმა გამოიყენა.