მდგრადი განვითარების არსებული გამოწვევების მოგვარება შეუძლებელია მხოლოდ რომელიმე ერთი სექტორის შეზღუდული ძალისხმევით და მოითხოვს ყველას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის, პარტნიორობას. გადაწყვეტილების მიღების მონაწილეობრივი პროცესი კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოში, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე. პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის გარანტიები მწირია, არათანმიმდევრულია და ხშირად შემოიფარგლება მხოლოდ ინფორმირებით ან კონსულტაციით და არა შინაარსიანი და ინკლუზიური დიალოგით.
წლების განმავლობაში CENN-მა მოიპოვა სანდო, ეფექტური, რესურსების მქონე და შედეგზე ორიენტირებული პარტნიორის რეპუტაცია სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტებთან ურთიერთობაში. CENN ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების მონაწილეობრივ პროცესს და არასახელმწიფო დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობას. ჩვენ ცენტრალურ დონეზე ვართ შესაბამისი თემატური სამუშაო ჯგუფების აქტიური წევრები და/ან თანათავმჯდომარეები და ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა მრავალდარგობრივი პლატფორმების ინიციატორები. ინკლუზიური პროცესების ადვოკატირების გარდა, ჩვენ უშუალოდ ვთანამშრომლობთ დაინტერესებულ ადგილობრივ მხარეებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, თემებთან და ახალგაზრდებთან, რათა გავაძლიეროთ მათი, როგორც ცვლილებების შემქმნელთა შესაძლებლობები.