IUCN-თან თანამშრომლობითა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, CENN-ის პროექტის – ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები გვალვის რისკის შემცირებისა და გვალვისადმი მედეგობის ზრდისათვის – ფარგლებში გამართულ ორდღიან სემინარზე სახელმწიფო, სამოქალაქო და საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლებმა გვალვის მართვის საკითხებზე იმსჯელეს.
ორდღიანი სემინარი CENN-ისა და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სხვა სახელწმიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები შეთანხმდნენ გვალვის მართვის სპეციალური სისტემების შექმნის აუცილებლობაზე, რამაც, კომპლექსური ღონისძიებებისა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების (NBS) საშუალებით, უნდა შეამციროს გვალვის სიხშირე, სიმკაცრე და გაზარდოს ბუნებრივი და ურბანული გარემოს მედეგობა გვალვის მიმართ.
სემინარზე საერთაშორისო პარტნიორებმა წარმოადგინეს ბუნებაზე დაფუძნებული კონკრეტული გადაწყვეტები, რომლებიც გვალვის მართვისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით ხორციელდება. პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას საქართველოში. უკანასკნელი წლების დინამიკის გათვალისწინებით, გვალვისგან მიყენებული ზიანი და მოსალოდნელი რისკები შეიძლება საგანაგაშოდ შეფასდეს.
გვალვის ბუნების გათვალისწინებით, მასზე რეაგირება საგანგებო და კომპლექსური ღონისძიებების ერთიანობას მოითხოვს. გვალვა დიდწილად მიეკუთვნება მეტეოროლოგიურ და კლიმატურ ფენომენს, მაგრამ არსებობს მტკიცებულება, რომ მიწის დეგრადაცია მნიშვნელოვნად ზრდის გვალვის უარყოფით ეფექტებს. მიწის მართვა ფუნდამენტურად მოქმედებს ნიადაგის სტრუქტურაზე, რომელიც მისი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების განმსაზღვრელია. შესაბამისად, იგი გავლენას ახდენს ჰიდროლოგიურ ციკლზე, მათ შორის, წყლის ინფილტრაციაზე, ნიადაგში წყლის შეკავებაზე, ზედაპირულ ჩამონადენსა და მიწისქვეშა წყლების შევსებაზე; ეს ფაქტი კი პირდაპირ აისახება წყლის ეკოლოგიურ ხარჯზე და მიწის პროდუქტიულობაზე.
გვალვის საწინააღმდეგოდ მიმართული ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები ითვალისწინებს ეკოსისტემაზე მორგებულ მიდგომებს გვალვასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად. ის ფოკუსირებულია მიწის პროდუქტიულობისა და ბიომრავალფეროვნების მართვასა და აღდგენაზე; ამავდროულად, მიმართულია სოციალური და ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი გარემოებების აღმოფხვრისკენ, რომელსაც გვალვა იწვევს სხვადასხვა თემსა და მთლიანად ქვეყანაში.
„ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები გვალვის რისკის შემცირებისა და გვალვისადმი მედეგობის ზრდისათვის“ პროეტი საქართველოში IUCN-ისა და CENN–ის მიერ, ავსტრიის განვითარების ფინანსური მხარდაჭრით ხორციელდება. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს გვალვის მართვის ღონისძიებებსა და პოლიტიკაში ეკოსისტემების აღდგენის ღონისძიებების ინტეგრირებას, რათა, შემცირდეს გვალვის სიხშირე, სიმკაცრე და ხელი შეეწყოს გვალვისადმი მედეგობის ზრდას.