CENN-მა, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) საბჭოს ქვეშ არსებული ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფის წევრი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის სტრატეგიული შეხვედრა გამართა.
სტრატეგიული შეხვედრის მიზანი იყო SDG საბჭოს 2023 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხილვა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდაჭერისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი ნაბიჯების დაგეგმვა. SDG საბჭოს სამუშაო ჯგუფების წევრმა ორგანიზაციებმა იმსჯელეს, რა მიმართულებებით და როგორ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ სამოქმედო გეგმის ამოცანების მიღწევაში. ასევე, ორგანიზაციებმა განიხილეს დაგეგმილი აქტივობები, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების SDG რუკის შემუშავება, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი წვლილის კონსოლიდირებისთვის; CSO კონსულტაციების პროცესის ჩაშვება, რომელიც გულისხმობს SDG სამდივნოს მხარდაჭერას მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტის განახლების პროცესში; SDG-ების განხორციელებაში, მონიტორინგსა და ანგარიშგებაში CSO-ების არსებითი ჩართულობის გაუმჯობესებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შეგროვება.
საქართველოს SDG საბჭო არის მრავალსექტორული პლატფორმა, რომელიც ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაზე მუშაობს. მისი ფუნქციებია SDG-ების განხორციელებასთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკითხების კოორდინაცია; შესაბამისი სამუშაო ჯგუფების შექმნა და ზედამხედველობა სტრატეგიული დაგეგმვის, ინტეგრირებული განხორციელებისა და SDG-ებთან დაკავშირებული თემატური სფეროების ეფექტური მონიტორინგის მხარდასაჭერად;
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გადამწყვეტი როლი აქვთ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. ორგანიზაციები მჭიდროდ თანამშრომლობენ ყველაზე დაუცველ და მოწყვლად ადამიანებთან, არიან შუამავლები, რომლებიც მთავრობებს მათი საჭიროებების შესახებ აწვდიან ინფორმაციას და მოსახლეობის უფლებების დასაცავად ცვლილებების მიღებას უწევენ ადვოკატირებას. მეტიც, მთავრობები პასუხისმგებელნი არიან გლობალურ საზოგადოებას წარუდგინონ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ქვეყნის პროგრესი, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები წარმოადგენენ ალტერნატიულ წყაროს მიღწევებისა და გამოწვევების მონიტორინგისა და შეფასებისთვის. სექტორთაშორისი პარტნიორობა და გაერთიანებული ძალისხმევით მუშაობა განიხილება ერთადერთ გზად SDG-ების და ადამიანების კეთილდღეობისათვის გაძლიერებული შედეგების მისაღწევად. ამრიგად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა SDG საბჭოს მუშაობაში და მათი თანამშრომლობა სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გადამწყვეტია ქვეყნის წარმატებისთვის.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროექტის „SDG-ების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ეგიდით.
პროექტის მიზანია SDG-ების განხორციელების ხელშეწყობა, ნაციონალიზაციისა და ლოკალიზაციის (ადგილობრივ დონეზე დანერგვის) პროცესების გაგრძელება მონაწილეობითი პროცესისა და მრავალსექტორული დიალოგის უზრუნველყოფის გზით ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.