წინამდებარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს გაიგოს მეტი ნარჩენების მართვაზე და ცირკულარულ ეკონომიკაზე, ნარჩენების გონივრულ მართვაზე და მდგრად მოხმარებაზე.
მკითხველი გაეცნობა ნარჩენების ტიპებს და კლასიფიკაციას – არასახიფათო, სახიფათო და ინერტული ნარჩენები, მათი მახასიათებლები და გარემოზე ზემოქმედება. ბროშურაში განხილულია თუ როგორ აბინძურებს ნარჩენები გარემოს და რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნარჩენების მართვის ჯაჭვს – შეგროვება, ტრანსპორტირება, დახარისხება, გადამუშავება და განთავსება, თითოეული ეტაპის როლსა და მნიშვნელობას.
მკითხველი გაეცნობა ცირკულარული ეკონომიკის კონცეფციას – როგორც ალტერნატივას წრფივი ეკონომიკისა (“აიღე-აწარმოე-გამოიყენე-გადააგდე”). პუბლიკაცია აღწერს ცირკულარული აზროვნების სამ ძირითად პრინციპს: ნარჩენების თავიდან აცილება დიზაინის ეტაპიდან, პროდუქტებისა და მასალების ბრუნვაში შენარჩუნება და ბუნებრივი სისტემების აღდგენა.
მასალა მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს UNDP-ის და დანიის მთავრობის შეხედულებებს.





