CENN-მა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს კლიმატის სამოქმედო პროექტის ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, თემატურ ბანაკს უმასპინძლა ქალებისთვის და ახალგაზრდებისთვის კლიმატის ცვლილების შესახებ.
ბანაკის მიზანი კლიმატის ცვლილების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და კლიმატის პროცესებში ადგილობრივი თემების ჩართვა იყო.
ბანაკში მონაწილეობდა 20 ადამიანი პროექტის სამიზნე რეგიონებიდან: იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, კახეთი და გურია. მონაწილეებმა გაიარეს თემატური ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: კლიმატის ცვლილება, მისი გამომწვევი მიზეზები, კლიმატის ცვლილების შერბილება და ეფექტური ადაპტაცია, წყლის რესურსების ეფექტური მართვა, ენერგოეფექტურობა, ტექნოლოგიების გამოყენებით ინოვაციური იდეების შემუშავება, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, ადვოკატირება და ლობირება.
ჯგუფური მუშაობის დროს მონაწილეებმა და ლიდერებმა განიხილეს თავიანთ რეგიონებში კლიმატის ცვლილების საკითხებზე ინიციატივების განხორციელების გზები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. განხილული იდეები მოიცავს ახალგაზრდობისა და ქალთა აქტივიზმის ხელშეწყობას და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.
დისკუსიების შედეგად გამოიკვეთა 4 ძირითადი ინიციატივა: ნარჩენების სეპარაციის ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლების კამპანიების დაგეგმვა კლიმატის ცვლილებაზე, წყლის რესურსების მდგრად მართვასა და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების განვითარებაზე. შერჩეული თემების განხორციელებას უზრუნველყოფს ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი – საქართველოს კლიმატის პროგრამა.
ევროკავშირი მხარს უჭერს კლიმატის ცვლილების საკითხებს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებითა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობით. პროექტის ფოკუსს სუფთა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე წვდომა წარმოადგენს. “საქართველოს კლიმატის პროგრამას” ახორციელებს CENN კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YOU) ერთად.