9 ივლისს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში შექმნილი სოციალური სერვისების განვითარების რეგიონული ალიანსის მეოთხე, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისა და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ შეჯერებას იმ მიდგომებსა და საქმიანობებზე, რომლებიც ხელს უწყობს მუნიციპალური სოციალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
სოციალური სერვისების განვითარების რეგიონულმა ალიანსმა მუშაობა 2025 წლის იანვრიდან დაიწყო. ალიანსი აერთიანებს სოციალურ სფეროში ჩართულ, დაინტერესებულ მხარეებს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან: ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, ახალციხე და ნინოწმინდა.
ალიანსის მიზანია შეიმუშაოს ეფექტიანი მიდგომები იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლებიც პროექტის ფარგლებში განხორცილებული კვლევების, შეხვედრების, ადგილებზე მუშაობისა და ასევე, ალიანსის ცალკეული წევრების გამოცდილების შედეგად გამოიკვეთა.
ალიანსის სამუშაო პროცესში გამოიკვეთა ორი ძირითადი გამოწვევა: დაბალი ინფორმირებულობა სოციალური პროგრამების შესახებ და მესამე მხარის მხარდაჭერით შექმნილი სოციალური სერვისების მდგრადობა.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევებისა და ალიანსის წევრების სექტორში მუშობის გათვალისწინებით, ჩანს, რომ მოსახლეობას არ აქვს სათანადო ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პროგრამების შესახებ, რაც აფერხებს სერვისებზე წვდომას
ასევე, გამოწვევას წარმოადგენს სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში მესამე მხარის მხარდაჭერით შექმნილი სოციალური სერვისების შენარჩუნება და მათი მდგრადობის უზრუნველყოფა. შედეგად, კრიტიკულ ეტაპზე, მომსახურებების გარეშე, მიტოვების რისკის ქვეშ დგებიან ბენეფიციარები იქ, სადაც უკვე დანერგილი სერვისების შენარჩუნება და მდგრადობა ადგილობრივი მთავრობის პრიორიტეტად არ განიხილება.
ამ გამოწვევების გათვალისწინებით, ალიანსის ბოლო შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა სწორედ ინფორმირებულობისა და სერვისების მდგრადობის მიმართულებით ერთობლივი მიდგომებისა და საქმიანობების შეთანხმებაზე.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ 4-წლიანი ინტერვენციაა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიმდინარეობს 2022 წლის იანვრიდან. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია CENN-ის მიერ ქვემო ქართლის მედიასთან (KKM) პარტნიორობით.