6 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროპის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გამართა.
ღონისძიება ოფიციალურად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გახსნეს. გახსნის ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. გახსნის ოფიციალური ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მთელი დღის განმავლობაში, ყველა ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი აქტივობები იყო წარმოდგენილი. ევროკავშირის წევრი 16 ქვეყნის წარმომადგენლებმა „ევროპულ სოფელში“ მოსულ სტუმრებს საკუთარი კულტურა და ტრადიციები გააცნეს, მათ შორის, სიმღერისა და ცეკვის წარმოდგენები. ევროკავშირის პარტნიორებმა საქართველოში განხორციელებული პროექტების შედეგები წარადგინეს და იმ სარგებელზე ისაუბრეს, რომელსაც ამ პროექტების დახმარებით მოქალაქეები იღებენ. ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა კი „ახალგაზრდულ სცენაზე“ ინოვაციური იდეები და პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. დისკუსიას შეუერთდა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.
ღონისძიებას CENN-იც შეუერთდა. CENN-ის სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ • Sewing Enterprise “Leader”ის ტექსტილის ნარჩენების გადამუშავების, კლიმატის ცვლილების შესახებ გაფერადების, პოზიტიური მშობლობის, SofYoga • სოფიოგას მაინდფულნესისა და იოგას ვორქშოფებსა და ნარჩენების რეციკლირების თამაშებში.
CENN-ის აქტივობები განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული CENN-ის მიმდინარე პროექტების (1) საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP) (2) კლიმატის ინოვაციური სერვისების შექმნა სამეცნიერო და ადგილობრივი ცოდნის ინტეგრირების გზით (I-CISK) (3) მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის, და (4) სამოქალაქო საზოგადოების განვითარება მხარდაჭერით.
ღონისძიებას უამრავი ადამიანი დაესწრო, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ, სახალისო და ინტერაქტიულ აქტივობებში ჩართულიყვნენ, აგრობაზარ „უნიკალური ქართული გემოს“ ფარგლებში კი ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია და კერძები დაეგემოვნებინათ.
დღის მეორე ნახევარში, ახალი ფორმატის ამბის თხრობის ღონისძიება „ჩემი ევროპა“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ცნობადმა სახეებმა აუდიტორიას ევროპასთან დაკავშირებული პირადი ისტორიები გაუზიარეს.
პანდემიის შემდეგ, პირველი მასშტაბური ღონისძიენა თბილისში პირველად გაიმართა და მოიცავდა მშვიდობის ხიდისა და სატელევიზიო ანძის ევროკავშირის დროშის ფერებში განათებასაც.
ღონისძიებასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეომასალის სანახავად ესტუმრეთ European Union in Georgia.
ევროპის დღის შესახებ:
ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 1950 წლის 9 მაისს წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს. შედეგად, უკვე 73 წელია, რეალობადქცეული იდეა, რომელსაც დღეს ევროკავშირი ჰქვია, ვითარდება, წარმატებით მუშაობს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება და 27 ქვეყნის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.
საკონტაქტო ინფორმაცია: თამრიკო მიქაძე, პრესის და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში tamriko.mikadze@europa.eeas.eu