ახალგაზრდებმა რაჭაში გარემოსდაცვითი პროექტები წამოიწყეს, რომლებიც მოსახლეობაში კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობდა ხელს. ახალგაზრდა აქტივისტებმა ტრენინგები ჩაატარეს, ხელი შეუწყეს გამწვანებას, და თანატოლებში ეკომომხმარებლობის წახალისებას.
პროექტის ავტორებმა იდეას CENN-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერილ, კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკში მონაწილეობისას ჩაუყარეს საფუძველი და ბანაკის დასრულებისთანავე განახორციელეს.
პროექტში ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ამბროლაურის N2 საჯარო და ურავის სკოლებმა, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის ასოციაციამ.
პროექტის მონაწილეები აპირებენ, რომ აქტიურად განაგრძონ კლიმატის ცვლილების თემატიკის აქტივობებში ჩართულობა: ,,პროექტის განმახორციელებლები ვგეგმავთ ჩვენი მომავალი ცხოვრების დიდი ნაწილი იყოს გარემოზე ზრუნვა და აქტიურად ვიყოთ ჩართული რესურსების დაზოგვასა და ინფორმაციის გავრცელებაში კლიმატის ცვლილების თაობაზე.’’ – აღნიშნავს პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ელენე გველეთიანი.
ახალგაზრდული ინიციატივები ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით.