მიწისქვეშა მტკნარი წყლის უდიდეს ნაწილს სასმელი წყალი შეადენს, რომელიც ფართოდ, მაგრამ არათანაბრად არის განაწილებული საქართველოს ტერიტორიაზე. ბევრ ქალაქსა და სოფელს სასმელ წყალზე არ აქვს მუდმივი წვდომა. აღნიშნული პრობლემა მწვავედ დგას ოზურგეთის მუნიციპალიტეტ – სოფელ ნაგომარში, რომელიც 30 წელია უწყლოდ არის დარჩენილი. აღნიშნულ პრობლემაზე საპასუხოდ, ახალგაზრდა გარემოს დამცველებმა პროექტი ,,ერთად მომავლისთვის’’ შეიმუშავეს, რომლის შედეგად გააუმჯობესეს ნაგომარის სასკოლო სივრცეში წყლის მიწოდება და გაზარდეს ცნობიერება ახალგაზრდებში კლიმატის ცვლილების შესახებ.
საინიციატივო ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი იყო სკოლას ჰქონოდა გაუმჯობესებული წყალმომარაგების სისტემა. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა ჭის სარემონტო სამუშაოები და გაიზარდა წყლის რესურსზე ხელმისაწვდომობა სკოლაში; მოზარდებში ცნობიერების ასამაღლებლად ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები კლიმატთან დაკაშირებულ საკითხებზე. ასევე, მოწვეულ მხატვართან ერთად მოიხატა სოფელში არსებული ავტობუსის მოსაცდელი, რომლის თემატიკაც, სწორედ წყლის სასიცოცხლო მნიშვნელობას უკავშირდება.
პროექტის განხორციელებაში ახალგაზრდა ინიციატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა სკოლის ადმინისტრაციამ და მთავრობამ. პროცესში ასევე ჩაერთო სოფლის გამგეობა, რომელმაც სპეციალური ტექნიკა გამოყო სამუშაოების უკეთ და მოკლე დროში წასამართად.
ახალგაზრდა ინიციატორებმა პროექტის იდეას CENN-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერილ, კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკში მონაწილეობისას ჩაუყარეს საფუძველი და ბანაკის დასრულებისთანავე განახორციელეს.
ახალგაზრდული ინიციატივები ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით.