ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ფარგლებში სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამის (CPP) მესამე ნაკადის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
6-თვიან სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდა 18-30 წლამდე 24 ახალგაზრდა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან. ახალგაზრდებმა გასული წლის ზაფხულს სამოქალაქო განათლების ბანაკში მონაწილეობის შემდეგ, ადგილობრივ გამოწვევებზე ორიენტირებული სხვადასხვა საპროექტო იდეა შეიმუშავეს. თემატური ექსპერტების დახმარებით იდეების დამუშავებისა და დახვეწის შემდეგ, 5 წარმატებული პროექტი ჯამში 1,500 ლარით დაფინანსდა.
29 მარტს, დახურვით ღონისძიებაზე პროგრამის ჯგუფებმა 5 მუნიციპალიტეტიდან – ბოლნისი, მარნეული, ბორჯომი, ახალქალაქი, ნინოწმინდა – ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ინფორმაცია თავიანთი პროექტების შედეგებს, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
ბორჯომი
პროექტი „წიგნები და აქტივიზმი” ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბალანთასა და ჭიხარულაში განხორციელდა და მიზნად ისახავდა 14-20 წლის ახალგაზრდებში წიგნიერებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ინფორმირებულობის ამაღლებას. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა ტრენინგები და მომზადდა საინფორმაციო ბროშურები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და კარიერული განვითარების შესახებ. ასევე, პროექტის ავტორებმა სკოლების ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადასცეს წიგნები.
ბოლნისი, მარნეული
პროექტი „სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებში“ ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში. პროექტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებზე 20-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, რამაც ხელი შეუწყო მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებას. შედეგების უფრო მასშტაბური გავრცელებისთვის კი პროექტის ავტორებმა ონლაინ კამპანიაც განახორციელეს.
ახალქალაქი
პროექტი „Youth Power” განხორციელდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში, რომელიც მიზნად ისახავდა 14-30 წლის ახალგაზრდებში ინფორმირებულობის ამაღლებას ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობების შესახებ და არსებულ პროგრამებში მათი ჩართულობის ხელშეწყობას. პროექტის ავტორებმა ამ მიზნის მიღწევა შეძლეს როგორც სოციალურ ქსელში წამოწყებული საინფორმაციო კამპანიით, ისე ადგილებზე ტრენინგების ჩატარებით. დამატებით, ახალგაზრდების ინტერესის გასაღვივებლად, ჩატარდა შემეცნებითი კონკურსები. შედეგად, პროექტში ჩაერთო 70-ზე მეტი ახალგაზრდა, ონლაინ კამპანიით კი 150-მდე ადამიანს მიაწვდინეს ხმა.
ნინოწმინდა
პროექტი „ვიზრუნოთ ნინოწმინდის გარემოზე“ ამ ნაკადში არსებული ერთადერთი გარემოსდაცვითი ინიციატივა იყო. ახალგაზრდებისთვის ინიციატივის განხორციელების მთავარი მოტივაცია გახდა რესურსების არამდგრადი მართვის პრაქტიკით გამოწვეული პრობლემები და გარემოს დაბინძურების პრევენციის საჭიროება. პროექტის ავტორებმა მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ჟდანოვსა და დილიფში ადგილობრივ ახალგაზრდებთან ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები გარემოსდაცვით საკითხებზე ამ მიმართულებით მათი კომპეტენციის გაზრდის მიზნით. დამატებით პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ჩაატარეს დასუფთავებისა და გამწვანების აქციები.
ახალქალაქი, ნინოწმინდა
პროექტი „Equal Steps Forward” ახალქალაქისა და ნინოწმინდის სოფლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა გენდერული სტერეოტიპების დაძლევას. საზოგადოებრივ და სოციალურ საქმიანობაში თანაბარი ჩართულობის გასაძლიერებლად ჩატარდა ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 13-20 წლამდე 30-ზე მეტმა ახალგაზრდამ. საკითხზე უფრო ფართოდ ინფორმაციის გასავრცელებლად კი პროექტის ფარგლებში პროექტის გუნდა სოციალური ქსელის გვერდიც შექმნა.
პროექტის დახურვით ღონისძიებაზე თავიანთი ინიციატივები წარადგინეს წინა 2 ნაკადის წარმატებულმა მონაწილეებმა, რომლებმაც ისაუბრეს პროგრამის შემდგომ განვლილ გზასაა და ასეთი მხარდაჭერების მნიშვნელობებზე. ეს ახალგაზრდები დონორების მხარდაჭერით, ქრაუდფანდინგის გამოყენებითა თუ სხვა ტიპის მიდგომებით, დღემდე განაგრძობენ პროექტის ფარგლებში დაწყებული ინიციატივების განხორციელებას ადგილებზე. პროგრამის მესამე ნაკადის მონაწილეებმა სწორედ მათგან მიიღეს გამოცდილებაზე დაფუძნებული პრაქტიკული და საინტერესო რჩევები.
ღონისძიების დასასრულს პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია, რაც ევროკავშირი აყალიბებს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან, მხარს უჭერს მის განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერტიზით, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს.
ევროკავშირი აფინანსებს არაერთ პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერასა და სხვადასხვა ჯგუფების, კერძოდ, ქალების, ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელშეწყობას. ეს ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია უფრო მეტად ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის საქართველოში, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისადმი.
პროექტის შესახებ
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ 4-წლიანი ინტერვენციაა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიმდინარეობს 2022 წლის იანვრიდან. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია CENN-ის მიერ ქვემო ქართლის მედიასთან (KKM) პარტნიორობით.