CENN ევროკავშირის მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP)” ფარგლებში, აცხადებს სტუდენტურ კონკურსს კლიმატის ცვლილების თემის გარშემო სტატიების მომზადებაზე.
კონკურსის მიზანი აკადემიის სფეროში კლიმატის ცვლილების საკითებზე ცნობიერების ამაღლება და სტუდენტებში მეცნიერული მიმართულების წახალისებაა. მონაწილეების მიერ შექმნილი სტატიები უნდა აშუქებდნენ კლიმატის გლობალური ცვლილების მიერ გამოწვეულ შედეგებსა და რისკებს საქართველოსთან მიმართებაში და უნდა ეყრდნობოდნენ ჩატარებულ სამაგიდო კვლევას, კლიმატის ცვლილების თემატიკაზე უახლესი სტატიების მიმოხილვასა და ანალიზს.
შესაძლო თემების ჩამონათვალი
- კლიმატის ცვლილება და ადაპტაცია
- კლიმატის ცვლილება და მიტიგაცია
- კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი კატასტროფები
- კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნება
- კლიმატის ცვლილება და წყლის რესურსები
- კლიმატის ცვლილება და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა
- კლიმატის ცვლილება, ენერგოეფექტიანობა და განახლებადი ენერგიები
სტატიის ფორმატი და კრიტერიუმები იხილეთ დანართ 1-ში.
კონკურსის გზამკვლევი იხილეთ ბმულზე.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და ატვირთონ სტატია 2023 წლის 30 აპრილამდე, შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/jrzCQtjYLspF4Ssj7
მონაწილეების შეფასების ეტაპები:
- პირველ ეტაპზე სტატიები შემოწმდება ტექსტში პლაგიატის არსებობაზე და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისობაზე. ის სტატიები, რომლებშიც არ აღმოჩნდება პლაგიატი და შესაბამისობაში იქნება ტექნიკურ მოთხოვნებთან, გადავლენ შემდეგ ეტაპზე;
- მეორე ეტაპზე სტატიებს შინაარსობრივად შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც შედგება CENN-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან. მეორე ეტაპზე გადასულ ყველა სტატიის ავტორს გადაეცემა მონაწილეობის სერთიფიკატი;
- მესამე ეტაპზე მოხდება 10 ყველაზე მაღალქულიანი სტატიის წარდგენა და გამარჯვებული 3 ავტორის დაჯილდოება (I ადგილი – 1500 ლარი, II ადგილი – 1200 ლარი, III ადგილი – 1000 ლარი).
კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით.