თბილისი, 4 აპრილი, 2024 – ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ფარგლებში CENN-მა სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ რივერვიუში ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის (YPP) და სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამის (CPP) შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამებში მონაწილე ახლაგაზრდები ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან, რომლებმაც თავიანთ თემებში სამოქალაქო ჩართულობის გასაძლიერებლად სხვადასხვა ხასიათის ინიციატივა განახორციელეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო სტრუქტურებისა და იმ პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სადაც პროგრამის ფარგლებში შერჩეულმა ახალგაზრდებმა 1-თვიანი სტაჟირება გაიარეს.
ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ლოღან ჯ. ე. ნიკოლმა , CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, რომ მოგვცა შესაძლებლობა განვახორციელოთ ასეთი მნიშვნელობის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას დემოკრატიული მონაწილეობის გასაზრდელად. დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ახალგაზრდული ინიციატივების წარმოჩენას, რომელთა ძირითადი ნაწილი სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობასა და ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება შეეხება. ასევე მადლობას ვუხდი რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებს, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლებს, გრანტიორებს და პროექტის ყველა პარტნიორსა თუ ბენეფიციარს აქტიური თანამშრომლობისთვის, რამაც მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის საშუალება მოგვცა”, – ლოღან ჯ. ე. ნიკოლი.
ღონისძიებაზე სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამაში (CPP) მონაწილე ჯგუფებმა 4 მუნიციპალიტეტიდან – მარნეული, ბოლნისი, ნინოწმინდა და ასპინძა – განხორციელებული ინიციატივები წარადგინეს. 18-30 წლამდე ახალგაზრდებმა CPP-ის ფარგლებში შეიმუშავეს და მიიღეს დაფინანსება პროგრამებისთვის, რომლებიც ახალგაზრდების, ქალებისა და ეთნიკური უმცირესობის ჯგუფების მხარდაჭერასა და სამოქალაქო პროცესებში ინტეგრაციის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
ღონისძიება გაგრძელდა თემატური პანელებით ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ, რომლებსაც ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამაში (YPP) მონაწილე 10 ახალგაზრდა უძღვებოდა. YPP-ის ფარგლებში ახალგაზრდებმა ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით თბილისში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, 1-თვიანი სტაჟირება გაიარეს. იმ ორგანიზაციებს შორის, სადაც ახალგაზრდებმა სტაჟირება გაიარეს იყო: CENN, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრ (CTC), პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფი (PMCG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო(IRI), ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში და HEKS/EPER საქართველო.
ღონისძიების დასასრულს პროგრამებში მონაწილე ახლგაზრდებს გადაეცათ სერთიფიკატები.
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია, რაც ევროკავშირი აყალიბებს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან, მხარს უჭერს მის განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერტიზით, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს.
ევროკავშირი აფინანსებს არაერთ პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეთამონაწილეობის გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერასა და სხვადასხვა ჯგუფების, კერძოდ, ქალების, ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელშეწყობას. ეს ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია უფრო მეტად ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის საქართველოში, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისადმი.
პროექტის შესახებ
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ 4-წლიანი ინტერვენციაა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიმდინარეობს 2022 წლის იანვრიდან. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია CENN-ის მიერ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), ქვემო ქართლის მედიასა (KKM) და ორგანიზაცია პირველ ევროპელთან(FE) ერთად.