2023 წლის 5 ივნისს, CENN-მა გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასა და CENN-ის 25 წლის იუბილეს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დიპლომატიური მისიების, განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
„გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი საერთაშორისო დღეა, რომელიც 50 წლის წინ UNEP–ის ინიციატივით დაარსდა. ამ დღის ფარგლებში, წელს ვერთიანდებით თემით – „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“. დღევანდელი დღე კარგი შესაძლებლობაა შევიკრიბოთ ჩვენი პლანეტისა და რეგიონის კეთილდღეობისთვის და ვისაუბროთ ჩვენი დროის ყველაზე აქტუალურ გარემოსდაცვით გამოწვევებზე. CENN 1998 წლიდან მუშაობს ადგილობრივ თემებთან და მთავრობებთან ერთად რეგიონულ ინიციატივებზე, რომ ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებასა და მწვანე ზრდას. დაარსების დღიდან, ჩვენ განვახორციელეთ 250-ზე მეტი პროექტი სამხრეთ კავკასიაში და საფუძველი ჩავუყარეთ უფრო მწვანე მომავალს ყველასათვის. ჩვენთვის დიდი პატივია, CENN-ის 25 წლის იუბილე აღვნიშნოთ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, რომელიც მსოფლიო საზოგადოებას პოზიტიური ცვლილებებისა და გარემოსდაცვითი ქმედებებისაკენ მოუწოდებს.“ – აღნიშნა ნანა ჯანაშიამ, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ: ნანა ჯანაშია, აღმასრულებელი დირექტორი CENN; ოთარ შამუგია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში; რაიან ჰარკერ ჰარისი, აშშ-ის საელჩო თბილისში, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე; მაიკე ვან კოლდამი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში; მარკო სოლდიჩი, საქმეთა დროებითი რწმუნებული, ნორვეგიის საელჩო; ალექსანდერ კარნერი, ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი; ლიდია კრისტმანი, გერმანიის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი; ერიკ ილსეი, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელმძღვანელი და შვედეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში; საბინე მახლ, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში; ირინა ღაფლანიანი, მსოფლიო ბანკის ჯგუფის კლიმატის ცვლილების უფროსი სპეციალისტი.
,,სახელმწიფო ვალდებულებაა იზრუნოს გარემოს დაცვაზე. ბოლო პერიოდში, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორისაა ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა ნაწილი უკვე მივიღეთ, ნაწილი კი, პარლამენტში განხილვის სტადიაშია. ამ კანონპროექტების დამტკიცება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ასევე ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. ჩვენ კარგი თანამშრომლობა გავქვს დღევანდელ ჩვენს მასპინძელთან – CENN-თან. CENN-ს, რომელიც ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია, საიუბილეო თარიღი აქვს, 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. მინდა მოგილოცოთ ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს. ჩვენი საერთო მიზანი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაა ევროპულ ოჯახში. ამ მიზნისათვის ყველა იმ აღებული ვალდებულების შესრულებაში, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულებით, ჩვენ ვართ თანმიმდევრულები და გვაქვს პროგრესი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მივაღწევთ საერთო მიზანს და ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ღონისძიებაზე გარემოს დაცვის მსოფლიო დღისა და CENN-ის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავი სესიები გაიმართა. ღონისძიების პირველ ნაწილში, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნად, საქართველოში გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი საელჩოებისა და განვითარების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მწვანე დღის წესრიგის დამკვიდრებაში მათ როლზე, მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრეს. გახსნითმა სესიამ წარადგინა სხვადასხვა ქვეყნისა და მათი განვითარების ორგანიზაციების როლი საქართველოს გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ნაწილში. სესიამ, ასევე, სტუმრებს გააცნო სტრატეგიები და ინიციატივები, რომლებსაც ახორციელებს გარემოსდაცვითი სექტორის სხვადასხვა დაინტერესებული მხარე და აჩვენა თანამშრომლობის პოტენციური სფეროები.
„ეს დღე არის გლობალურ შეხსენება, რომ პლანეტისა და ჩვენი კეთილდღეობა ერთმანეთთან კავშირშია. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მთავრობას და CENN–ს გარემოს დაცვის ურყევი ერთგულებისთვის. ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭერს გარემოსდაცვითი მიზნებისა და ეროვნული ვალდებულებების – პარიზის შეთანხმებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. CENN–თან ერთად ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ 25-ზე მეტი პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში, ბუნებრივი რესურსების დაცვაში, ახალგაზრდებისა და ადგილობრივი თემების გაძლიერებაში. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გავაუმჯობესეთ გარემოსდაცვითი პოლიტიკა და მმართველობა, გავაძლიერეთ კლიმატის მდგრადობა და ხელი შევუწყვეთ მდგრად საარსებო წყაროებს საქართველოში. ევროკავშირი საქართველოში CENN–თან და სხვა ძირითად პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს მწვანე პოლიტიკის ადვოკატირებას, ინვესტიციას განახლებადი ენერგიის მიმართულებით, მდგრადი მოხმარების ხელშეწყობას და იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც გააძლიერებენ ადგილობრივ თემებს.“ – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
CENN-ის 25 წლის იუბილეს აღსანიშნად, სესიის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ორგანიზაციის მიღწევებსა და წვლილს კავკასიის რეგიონში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ზრდის ხელშეწყობაში. სესიაზე წარმოდგენილი იყო CENN-ის სტრატეგია, მიდგომები და 25 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები.
ღონისძიების მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიებს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც, მოწვეულმა მოდერატორებმა და მომხსენებლებმა, ისეთ თემებზე ისაუბრეს, როგორებიც არის: საქართველოს კლიმატის ცვლილების პოლიტიკა, მწვანე ეკონომიკური ზრდა და სოფლის მდგრადი განვითარება და ახალგაზრდობა, განათლება და სამოქალაქო აქტივიზმი. პანელისტებს შორის იყვნენ როგორც საჯარო უწყებების, ისე სამოქალაქო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის შესახებ:
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველი წლის 5 ივნისს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანია, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის გარემოსდაცვითი მიზნების ქვეშ გაერთიანება. 2023 წლის გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი თემაა „დაამარცხე პლასტმასით დაბინძურება“.
საკონტაქტო პირი:
ანა პეტრიაშვილი, კომუნიკაციის მენეჯერი, CENN
E-mail: ana.petriashvili@cenn.org