ახალგაზრდა გარემოს დამცველებმა ზესტაფონის, ჭიათურის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების 3 საჯარო სკოლაში ცნობიერების ამაღლების მიზნით პროექტი ,,კლიმატის ცვლილება’’ განახორციელეს. პროექტისა და გუნდის წევრების მიზანი იყო მოსახლეობაში განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ცნობიერების დონის ამაღლება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.
ახალგაზრდა ინიციატორებმა პროექტის იდეა CENN-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერილ, კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკში მონაწილეობის დროს დახვეწეს და მას ბანაკის დასრულებისთანავე შეასხეს ხორცი.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო ჭიათურაში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, “ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულომ“ სხვადასხვა სკოლისა და მათი მოსწავლეების მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში, ზესტაფონის N7 საჯარო სკოლაში, კომპანია ,,ტენე”-თან თანამშრომლობით, დამონტაჟდა ელექტრო ველოსიპედი, რომლის სატერფულების დატრიალებისას წარმოიქმნება ელექტრო ენერგია და შესაძლებელი ხდება ნებისმიერი ელექტრომოწყობილობის დამუხტვა. ამით ინიციატივა მოსახლეობაში არა მხოლოდ განახლებადი და უსაფრთხო ენერგიის გამოყენების პოპულარიზაციას ახდენს, არამედ ჯანსაღი ცხოვრებისაც.
განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციის გარდა, პროექტის ორგანიზატორებმა, ხელი შეუწყვეს გამწვანებას; დაირგა მარადმწვანე ხე-მცენარეები ჭიათურის N1, ზესტაფონის N7 და ტყიბულის N2 საჯარო სკოლებში იმერეთის კოორდინატორის, შოთა გაფრინდაშვილის, დახმარებით.
ასევე, განხორციელდა ცნობიერების დონის ამაღლების კამპანიები ჭიათურაში, ზესტაფონსა და ტყიბულში, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებმა სკოლებში კლიმატის ცვლილების თემატური ტრენინგები ჩაატარეს.
პროექტის შედეგად გამწვანდა სკოლები, ახალგაზრდებში, მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ამაღლდა ცნობიერება განახლებად ენერგიაზე, კლიმატის ცვლილებასა და მის შერბილების გზებზე.
ჩვენ გავესაუბრეთ ერთ-ერთ ახალგაზრდა ინიციატორს სამომავლო გეგმების შესახებ: ,,სამომავლოდ ვაპირებთ, რომ მასშტაბურად, დავიწყოთ განახლებადი ენერგიის დამკვიდრება მოსახლეობაში, ამავდროულად, მომავალში, იმერეთის გუნდის წევრები ვაპირებთ ჩავატაროთ ფორუმი, სადაც წარმოდგენილები იქნებიან ჭიათურის, ტყიბულისა და ზესტაფონის ახალგაზრდები, ხოლო სპიკერები, კი ჩვენი გუნდის წევრები იქნებიან და მოსწავლეებს გაუზიარებენ ცოდნას კლიმატის ცვლილებაზე, რითაც ხელი შეეწყობა იმერეთში – კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ, მიმართული, საინიციატივო ჯგუფის შექმნას, მოსწავლე-ახალგაზრდების დაახლოებას, სამომავლოდ ახალი იდეების და ინიციატივების შემუშავებას და განხორციელებას, რაც ვფიქრობ ძალიან დაეხმარება ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში’’. – აღნიშნავს პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი, ლიზი მეცხოვრიშვილი.
ახალგაზრდული ინიციატივები ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით.