ევროკავშირის მხარდაჭერითა და CENN-ისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში კლიმატის ეროვნული პლატფორმის რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართა. კლიმატის ეროვნული პლატფორმა პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP)” ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანი კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ეფექტიანი ადაპტაციის, ასევე, კლიმატის ცვლილების სფეროში საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტის, საქართველოს კლიმატის ცვლილების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორცილების ხელშეწყობა, დაინტერსებული მხარეების ჩართულობითა და სექტორში მიმდინარე პროცესების კოორდინაციით.
შეხვედრა, რომელსაც 30-მდე დაინტერესებული მხარე ესწრებოდა, ერთი მხრივ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საქართველოს კლიმატის ცვლილების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების 2022 წლის ანგარიშის წარდგენას, ხოლო მეორე მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მერისის“ მიერ ლანდშაფტების მდგრადი მართვის კონცეფციის გაცნობას ემსახურებოდა.
„კლიმატის ეროვნული პლატფორმა, რომელსაც სამინისტრო CENN-თან ერთად მართავს, მნიშვნელოვანი მექანიზმია კლიმატის ცვლილების მიმართულებით მომუშავე დაინტერესებული მხარეებისათვის სიახლეების გაზიარებისა და ინიციატივების გაცნობის კუთხით. ეს ერთგვარი ანგარიშგების ინსტრუმენტია იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს სამინისტრო კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმას, რაც ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) შესრულებისათვის აუცილებელი საფეხურია,“ განაცხადა მაია ცხვარაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს ხელმძღვანელმა, შეხვედრის პირველ ნაწილში.
კლიმატის ცვლილების სამმართველოს ხელმძღვანელის მოხსენება მეტწილად კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესს ეხებოდა სექტორების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ 2021 წელთან შედარებით, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სექტორებში პროგრესის მაჩვენებელი, 2021 წელთან შედარებით განსაკუთრებით მზარდია.
შეხვედრის მეორე ნაწილს თემატურად მარინა შვანგირაძე, ექსპერტი კლიმატური ცვლილების საკითხებზე და მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისიას“ წარმომადგენელი წარუძღვა. მისი მოხსენება „რემისიას“ მიერ შემუშავებულ, ლანდშაფტების მდგრადი მართვის კონცეფციას ეთმობოდა, რომლის მიზანი კერძო სექტორის ლანდშაფტების მდგრად მართვასა და მწვანე აგროტურიზმის განვითარებაში ჩართულობის ხელშეწყობა და მათი წვლილის გაზრდაა საქართველოს მიერ პარიზის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა პლატფორმის წევრი როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და სააგენტოები.
ღონისძიება გაიმართა პროექტის: “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობის მიზნით, წყლისა და ჯანსაღი გარემოს უფლებებზე აქცენტით. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტს 4 სამიზნე რეგიონი აქვს: გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.