CENN-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის, დემოკრატიის ინსტიტუტისა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ ორგანიზებული სათემო მობილიზაციის საინფორმაციო შეხვედრები გურიის მოსახლეობასთან დასრულდა. შეხვედრები ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე CENN-ის პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის„ ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრები გურიის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან გაიმართა და მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას პროექტის, ადგილობრივი განვითარების ჯგუფებისა (LAG) და ამ ჯგუფებში გაწევრიანების შესაძლებლობების შესახებ. გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჯამში 103 შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 1,500-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე დაესწრო.
სათემო მობილიზაციის საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ, „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის„ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) არჩევნები, რომელიც 2023 წლის ივლისში გაიმართება.
პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) შექმნა. LAG წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებას. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩართული იქნება სოფლის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, სტრატეგიის შესაბამისი საგრანტო პროექტების განხორციელებასა და მონიტორინგში.
პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ, იხილეთ ბროშურაში: მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის