თბილისი, 2023 წლის 19 დეკემბერი – პროექტის „მწვანე დღის წესრიგი“ დაწყებით, დღეს საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს როგორც კლიმატნეიტრალურობის, ისე -ევროინტეგრაციის გზაზე. აღნიშნული სამწლიანი ინიციატივა მიზნად ისახავსქვეყნის კლიმატნეიტრალურობისკენ კიდევ უფრო მეტად მიმართვას და მისი განვითარების ტრაექტორიის ევროკავშირის მწვანე შეთანხმების პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს პროექტი დააჩქარებს საქართველოს ევროკავშირის პოლიტიკასთან ჰარმონიზაციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად მომავალს.
პროექტი წარმოადგენს ერთობლივ ინიციატივას, რომელსაც სტოკჰოლმის გარემოს დაცვის ინსტიტუტი (SEI) საქართველოს მთავრობასთან ერთად ახორციელებს. პროექტი Sida-ს (შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის გახსნით ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ და საქართველოში პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საკუთარ მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ – ზვიად ბარქაიამ, ევროკომისარმა გარემოს დაცვის, ოკეანეებისა და თევზჭერის საკითხებში – ვირჯინიუს სინკევიჩიუსმა, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა და შვედეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ – ერიკ ილესმა. მონაწილეებს ასევე მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ – ნინო თანდილაშვილმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ- ეკატერინე გუნცაძემ.
„გმადლობთ, რომ დღეს თქვენ აქ „მწვანე დღის წესრიგის“ პროექტის დაწყების აღსანიშნავად შეიკრიბეთ. ვულოცავ საქართველოს ევროსაბჭოს მიერ მისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, რაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკავშირი, მის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, კვლავ ლიდერობს გარემოსდაცვითი და კლიმატთან დაკავშირებული სტრატეგიების კუთხით, როგორც რეგიონული, ასევე გლობალური პოლიტიკის დონეზე. კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი მომავალი არის ის აუცილებლობა, რომელსაც დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით. „მწვანე დღის წესრიგის პროექტი“ მდგრადი განვითარებისაკენ, მედეგობისა და კეთილდღეობისკენ მიმართულ ეროვნულ და საერთაშორისო ძალისხმევას გააერთიანებს. მდგრადი პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვით საქართველო ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება რათა გააუმჯობესოს საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი, ახალი შესაძლებლობები გაუხსნას ბიზნესს და გააძლიეროს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. მწვანე მომავლის უზრუნველყოფა რთულია, თუმცა საქმისადმი ერთგულებით, ინოვაციებითა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით, აბსოლუტურად მიღწევადი. ამიტომ, მე მოვუწოდებ ყველას, ვინც ჩართულია „მწვანე დღის წესრიგის“ პროექტში, გააგრძელონ საკუთარი უმნიშვნელოვანესი საქმის კეთება და თანამშრომლობა და ამის მაგალითი სხვებსაც მისცენ,“ – აღნიშნა ვირჯინიუს სინკევიჩიუსმა, ევროკომისარმა გარემოს დაცვის, ოკეანეებისა და თევზჭერის საკითხებში, საკუთარ ვიდეო-მიმართვაში.
„დღეს შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ პროექტის „მწვანე დღის წესრიგი“ დაწყება, ვისაუბროთ ბოლოდროინდელ პროგრესზე და განვიხილოთ სამომავლო გეგმები, განსაკუთრებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში. ევროკავშირმა აღიარა საქართველოს მისწრაფება, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ოფიციალურად მიანიჭა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. საქართველოს მთავრობა მზად არის, აქტიური როლი ითამაშოს და წვლილი შეიტანოს „მწვანე დღის წესრიგის“ პროექტის განხორციელებაში. ჩვენ უკვე წარმოვადგინეთ ის ძირითადი გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს პროექტის განხორციელებაში და ენთუზიაზმით ვეგებებით საქართველოში ამ ინიციატივის საქართველოში დაწყებას“, – განაცხადა ზვიად ბარქაიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ერიკ ილესმა, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა და შვედეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, აღნიშნა, რომ „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის არა მხოლოდ ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ საქართველოს სწრაფვის სიმბოლური აღიარება, არამედ -ახალი ეპოქა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაში. სვლა ევროკავშირში ინტეგრაციისა და მდგრადი განვითარებისკენ ერთი გზით ხდება. მდგრადი პრაქტიკისა და მწვანე ტექნოლოგიების დანერგვით საქართველოს შეძლებს არა მხოლოდ საკუთარი წვლილის შეტანას კლიმატის ცვლილებასთან გლობალურ ბრძოლაში, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღებას და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას“.
„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა, ისევე როგორც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკა უაღრესად კომპლექსურია, პროექტი „მწვანე დღის წესრიგი“ კი საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს, იმუშაოს ევროკავშირის მწვანე შეთანხმების ყველა ასპექტზე. საქართველომ შეიმუშავა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ემისიების შემცირებას და კლიმატნეიტრალურობის მიღწევას. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მწვანე დღის წესრიგის პროექტთან, მჭიდროდ ვიმუშაოთ საქართველოს მწვანე ტრანსფორმაციის წინსვლისთვის და ევროკავშირის მწვანე შეთანხმების განხორციელების ხელშესაწყობად“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ნინო თანდილაშვილმა.
ღონისძიებამ უმასპინძლა ხელისუფლების, შვედეთის საელჩოს, სტოკჰოლმის გარემოს დაცვის ინსტიტუტისა და საქართველოში პროექტის განმახორციელებელი პარტნიორების წარმომადგენლებს, რომლებმაც არა მხოლოდ პროექტის დაწყება, არამედ საქართველოში პროექტის ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტის (NSC) ჩამოყალიბება აღნიშნეს. პროექტის ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტი წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ პლატფორმას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ქვეყანაში პროექტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას. პროექტის ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტი, უზრუნველყოფს პროექტის ღონისძიებების შესაბამისობას ქვეყნის პრიორიტეტებსა და საჭიროებებთან, რაც ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე პროექტის საქმიანობის სინქრონიზაციასა და შესაბამისობას.
პროექტის შესახებ:
მწვანე დღის წესრიგის პროექტი, რომელიც 2023 წლის სექტემბერში დაიწყო და 2026 წლის მარტამდე გაგრძელდება, საქართველოში CENN-ის – პარტნიორი ორგანიზაციის მიერ ხორციელდება. პროექტი ეხება ევროპულ მწვანე შეთანხმებაში განსაზღვრული პოლიტიკური სფეროების ფართო სპექტრს და მუშაობს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ენერგოეფექტურობა, მდგრადი მშენებლობა, გონივრული მობილურობა, ცირკულარული ეკონომიკა, დაბინძურების შემცირება, სასურსათო სისტემები და ეკოსისტემის დაცვა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება მწვანე ეკონომიკაზე საქართველოს გადასვლის შეფასება, რომლის საფუძველზეც მომზადდება 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობაზე გადასვლის საქართველოს გზამკვლევი. გარდა ამისა, გზამკვლევის განხორციელების ხელშესაწყობად პროექტი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსაც ჩაატარებს. ამ ღონისძიებების მიზანი იქნება დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრთან მუშაობა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება პროექტის ამოცანების შესრულებაში ეფექტიანი წვლილის შეტანის უზრუნველსაყოფად.
დამატებითი ინფორმაცია: Green Agenda for Armenia, Georgia, Moldova and Ukraine