30 მარტს, ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღეს, უფრო მწვანე, სუფთა და ჯანსაღი გარემოს მხარდასაჭერად თბილისის მზიურის პარკში უამრავი ადამიანი შეიკრიბა.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და ევროკავშირის, ნორვეგიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
ღონისძიების მონაწილეები, სტუმრები და ორგანიზატორები ერთად ჩაერთნენ სხვადასხვა სახის აქტივობაში, რომელთა მიზანი იყო ნარჩენების მდგრად მართვაზე ინფორმაციის გავრცელება და პლასტმასით დაბინძურების შემცირება.
ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო:
- ინტერაქტიული საგანმანათლებლო თამაშები და ქვიზები ნარჩენების მართვის შესახებ.
- მეორადი ტანისამოსისა და წიგნების გაცვლის აქცია.
- ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების კუთხეები, სადაც შესაძლებელი იყო პლასტმასის ბოთლებისა და მაკულატურის ჩაბარება გადასამუშავებლად.
- ქართული ეკო-ბიზნესების გამოფენა.
„ნულოვანი ნარჩენის კონცეფცია მოიაზრებს ნებისმიერი ტიპის ნარჩენის გადამუშავებას და ახალ რესურსად ქცევას. უკვე დაინერგა ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელი – მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ნარჩენების შემდეგ ოთხ ნაკადზე: საბურავები, ბატარეები და აკუმულატორები, ელექტრო და ელექტრონული მოწოყობილობები და ზეთები. ამ პროცესებში საზოგადოების ცნობიერების გაზრდას და მათ ჩართულობას დიდი როლი აქვს“- განაცხადა თავის მისასალმებელ სიტყვაში ირმა გურგულიანმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ.
„მოხარულები ვართ, მხარი დავუჭიროთ ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოში! ასეთი ხალხმრავლობა და დაინტერესება ცხადყოფს, რომ სუფთა გარემოზე წვდომის უფლება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის“, – მიმართა დამსწრე საზოგადოებას ნანა თაკვარელიამ, CENN-ის პროექტის მენეჯერმა.
ლელა აქიაშვილმა, UNDP-ის პროექტის მენეჯერმა, ხაზი გაუსვა, რომ პლასტმასით დაბინძურების შემცირება სისტემური ძალისხმევაა, რომელიც შესაბამისი პოლიტიკის გატარებასა და ყველა სექტორს შორის კოორდინირებასა და თანამშრომლობას მოითხოვს.
„პლასტმასით დაბინძურების შემცირებისთვის, აუცილებელია კომპლექსური მიდგომის დანერგვა, რომლის განხორციელებაშიც ჩაერთვებიან როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები და აკადემიური წრეები. ეს გრძელი გზა იწყება თითოეული ჩვენგანის, ცალკეული ადამიანის მზაობით, დავიცვათ ჩვენი გარემოსდაცვითი უფლებები და ავაშენოთ სუფთა და მწვანე მსოფლიო“, – აღნიშნა ლელა აქიაშვილმა.
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზაზე, ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკების ხელშეწყობა ჩვენს საერთო ვალდებულებას წარმოადგენს. ევროკავშირი მოხარულია მხარი დაუჭიროს საქართველოს გარემოსდაცვითი მდგრადობისკენ სწრაფვაში, რაც ევროკავშირის წევრობისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია,“ – განაცხადა ლიზე ვანვეიმელბეკემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვის, კავშირის, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საკითხების გუნდის ხელმძღვანელმა.
დამატებითი ინფორმაცია:
მსოფლიოში აკუმულირებული მყარი ნარჩენების რაოდენობა მუდმივად იზრდება და წელიწადში 2 მილიარდ ტონას აღწევს. მსოფლიოს მოსახლეობის მესამედისთვის, 2.7 მილიარდი ადამიანისთვის, ნარჩენების სწორი და მდგრადი მართვა ჯერაც მიუწვდომელია. ნარჩენების მართვის კრიზისი ამძაფრებს კლიმატის ცვლილებას, საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას და უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. (წყარო: UN-Habitat. 2023)
საქართველოში, ბოლო ათი წლის მანძილზე, პლასტმასის წარმოება და იმპორტი 71 პროცენტით გაიზარდა, რამაც უკანონო ნაგავსაყრელების რიცხვის ზრდაც გამოიწვია. შავი ზღვის ნაპირებზე აკუმულირებული მყარი ნარჩენების 95 პროცენტს სწორედ პლასტმასა წარმოადგენს. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული პლასტმასის 93 პროცენტი არ იქნა გადამუშავებული და ნაგავსაყრელებზე ნარჩენების სახით დაილექა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა გარემოსადმი მიყენებული ზიანი. (წყაროები: World Bank. 2021. EU/UNDP EMBLAS Project)
საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, tchitchinadze@undp.org
- ელენე საყვარელიძე, UNDP, +995 599 003944, sakvarelidze@undp.org
- ანა პეტრიაშვილი, CENN, +995 599 522 127, ana.petriashvili@cenn.org