ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის – ფარგლებში, ოზურგეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წესდების სამუშაო ვერსია და სექტორული მიმართულებები დამტკიცდა.
ოზურგეთის LAG-ის წესდება და სექტორული მიმართულებები ჯგუფის მმართველმა საბჭომ, სამუშაო შეხვედრაზე დაამტკიცა. წესდების ფარგლებში გაიწერა LAG-ის ორგანიზაციული მიმართულებები, მიზნები, საქმიანობის ფორმები და ვალდებულებები. სექტორულ მიმართულებებად განისაზღვრა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების და მეწარმოების მხარდაჭერა; სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარება; ტურიზმის განვითარება; გარემოს დაცვა; განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; კერძო/საჯარო პარტნორობის და კარგი მმართველობის მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის ადგილობრივ განვითარების ჯგუფს (LAG) მმართველი საბჭოს 16 წევრი ჰყავს, რომლებიც არჩევნების გზით, LAG-ის წევრების მიერ შეირჩნენ. LAG წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებას. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩართული იქნება სოფლის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, სტრატეგიის შესაბამისი საგრანტო პროექტების განხორციელებასა და მონიტორინგში.
პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.