ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში – ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებს CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის LAG-თან ერთად უმასპინძლა.
ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში გამართულ შეხვედრებს გურიის რეგიონში მცხოვრები LAG-ის საბჭოს წევრობის 150-მდე კანდიდატი დაესწრო. შეხვედრები მიზნად ისახავდა კანდიდატების ინფორმირებას LAG-ის, მისი ფუნქციონირებისა და საბჭოს წევრების საქმიანობის შესახებ. ასევე, შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) არჩევნების შესახებ, რომელიც 2023 წლის ივლისში გაიმართება. არჩევნების გზით შეირჩევიან LAG-ის მმართველი საბჭოსა და გუნდის საბოლოო წევრები.
პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) შექმნა. LAG წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებას. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩართული იქნება სოფლის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, სტრატეგიის შესაბამისი საგრანტო პროექტების განხორციელებასა და მონიტორინგში.
პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.