B2B ღონისძიება საქართველოში ცირკულარული გადაწყვეტების გაძლიერების მიზნით, CENN-ის ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიების მთავარი მიზანი ინტერაქციული სესიების დახმარებით ცირკულარული ეკონომიკის სექტორში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს შორის ცოდნის გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირმა გურგულიანმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა, მარიკა შიოშვილმა და CENN-ის დირექტორის მოადგილემ, ნინო შავგულიძემ.
მისასალმებელი ნაწილის შემდეგ, ღონისძიებამ ორ თემატურ პანელურ დისკუსიას უმასპინძლა, სადაც როგორც მთავრობის, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის კონკრეტული გადაწყვეტების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. პირველი პანელური დისკუსიის მონაწილეებმა ყურადღება ქვეყნის სამომავლო პოლიტიკაზე გაამახვილეს ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით. ასევე განხილული იქნა პლასტმასის შეფუთვების გადამმუშავებელი და მწარმოებელი სექტორისთვის არსებული შესაძლებლობები. მეორე პანელური დისკუსია კერძო სექტორის ინიციატივების წარდგენას დაეთმო, სადაც როგორც HORECA, ისე სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა პლასტმასის შემცირების წარმატებული ისტორიები გააზიარეს.
ღონისძიების ბოლოს კი იმ ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლებმაც CENN-ისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივ საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და პლასტმასის ნარჩენის შემცირებისა და გადამუშავების შესაძლებლობებზე მედიაპროდუქტები მოამზადეს.
B2B ღონისძიებამ 100-მდე დაინტერესებული პირი გააერთიანა. დამსწრეებს შორის იყვნენ საქართველოს მთავრობის, ნარჩენების გადამმუშავებელი ბიზნესების, HORECA და სხვა კერძო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიების ყველა მონაწილეს ჰქონდა შესაძლებლობა, ჩართულიყო დისკუსიებში, გაეცვალა აზრები და ესაუბრა დღევანდელ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
ღონისძიება გაიმართა პროექტის “საზოგადოების გაძლიერება ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვისათვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.