რეგიონებში სააღმზრდელო დაწესებულებების პირობების გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია მომავალი თაობის სრულფასოვანი აღზრდისთვის. სწორედ ამ მიზნით, პროექტ „მწვანე გურიის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და CENN-ის მხარდაჭერით, რეგიონში რამდენიმე მასშტაბური ინიციატივა განხორციელდა, რომლებმაც სკოლამდელი დაწესებულებების საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული გარემო მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მოძველებული სათამაშო ინვენტარი დიდი ხნის განმავლობაში გამოწვევად რჩებოდა. ამის საპასუხოდ, ნინო ბარამიძის ინიციატივითა და პროექტის დახმარებით, მუნიციპალიტეტის 22 საბავშვო ბაღი ახალი, შემეცნებითი და გასართობი ნივთებით აღიჭურვა. პატარებს ახლა აქვთ ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, ფაზლები, კონსტრუქტორები, კინეტიკური ქვიშა, თოჯინები და მრავალფეროვანი საბავშვო ლიტერატურა. გარდა ამისა, ხუთი ბაღის ეზოში სპეციალური გარე სათამაშოებიც დამონტაჟდა, რაც ბავშვების ფიზიკურ აქტივობასა და ყოველდღიურობას გაცილებით მრავალფეროვანს ხდის.
ევროკავშირის მხარდაჭერით სოფელ გურიანთის საბავშვო ბაღში ინკლუზიური სივრცე მოეწყო. ნინო ხავთასის ხელმძღვანელობით შექმნილი გარემო 43 აღსაზრდელს, მათ შორის, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს, საშუალებას აძლევს, ცოდნა მათზე მორგებული ვიზუალური და ხელშესახები რესურსებით შეიძინონ. პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის მშობლებთან მუშაობასაც ითვალისწინებს, რაც ინკლუზიური განათლების პროცესში ოჯახის ჩართულობასაც ითვალისწინებს.
ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომრის საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა. მას შემდეგ, რაც 2021 წელს ხანძარმა ბაღის ინფრასტრუქტურა დააზიანა, ბავშვებს სრულფასოვანი სათამაშო სივრცე აღარ ჰქონდათ. ინგა სიორიძის ძალისხმევით, ეზოში თანამედროვე სათამაშო მოედანი, ქვიშის სივრცე და ხის ფანჩატურები განთავსდა. ახალი გარემო პედაგოგებს საშუალებას აძლევს, ბავშვებთან ერთად ღია ცის ქვეშ გაატარონ მეტი დრო და სააღმზრდელო პროცესი ბუნებასთან სიახლოვეს წარმართონ.
ევროკავშირისა და CENN-ის ხელშეწყობით განხორციელებული ეს ინიციატივები ადასტურებს, რომ გურიაში ბავშვებზე ზრუნვა და მათი ხარისხიანი განათლება პრიორიტეტულია. უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო სწორედ ის საფუძველია, რაც მომავალ თაობას თავიანთი უნარების განვითარებასა და გაძლიერებაში დაეხმარება.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.











