22 იანვარს, CENN-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, “საქართველოს კლიმატის პროგრამის (GEO-CAP)” ფარგლებში, პროექტის მრჩეველთა საბჭოს მესამე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი დაინტერესებული მხარეებისთვის პროექტის ფარგლებში 2023 წელს მიღწეული შედეგების და სამომავლო აქტივობების გაცნობა იყო. შეხვედრას 60-ზე მეტი მონაწილე დაესწრო პროექტის ოთხი სამიზნე რეგიონიდან, მათ შორის იყვნენ სამეურვეო საბჭოს წევრები, გრანტიორები, ახალგაზრდები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და რეგიონული და ცენტრალური მთავრობების წარმომადგენლები.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლორან ნიკოლმა, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, ლიზი ვანვიმელბეკემ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, მაია ჯავახიშვილმა. გამომსვლელებმა ისაუბრეს ქვეყნის კლიმატის პოლიტიკის გეგმებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ 2024 წელს საქართველო, რომელმაც უკვე მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, აქტიურ ღონისძიებებს გაატარებს კლიმატის პოლიტიკის მიმართულებით, რომელშიც მნიშვნელოვანი იქნება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა.
პირველი პანელური დისკუსიია დროს ახალგაზრდებმა წარადგინეს თავიანთ თემში განხორციელებული ინიციატივები, როლებიც მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივ მოსახლეობაში კლიმატის ცვლილების შესახებ, მათ შორის იყო ელექტრო ველოსიპედის და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრონული მოწყობილობების დასამუხტი სადგურის მონტაჟი. მეორე პანელზე წარდგენილი იყო გამარჯვებული საგრანტო პროექტები, რომლებიც შეეხებოდა მზის პანელების მონტაჟს, დეგრადირებული ქარსაფარი ზოლის აღდგენას და ფერმერების ცოდნის გაზრდას კლიმატ გონივრული სოფლის მეურნეობის შესახებ.
ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტს 4 სამიზნე რეგიონი აქვს: გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.