ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)
ხანგრძლივობა: 1/5/17 ‐ 28/2/21
გეოგრაფიული დაფარვა: ქედა, აჭარის რეგიონი, საქართველო
განმახორციელებელი: CENN
დონორი: ევროკავშირის ენპარდის პროგრამა
პროექტმა ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობას სოფლად სიღარიბის შემცირებასა და ქედის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების საპასუხოდ, პროექტმა გააუმჯობესა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობა, ხელი შეუწყო ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას და კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის ეკონომიკისა და თემების განვითარებას. კონკრეტულად, პროექტი მხარს უჭერდა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების დაძლევაში, როგორიცაა: (ა) სოფლად თემებში მდგრადი ეკონომიკური ფერმერული თუ სხვა საქმიანობის დაგეგმვაში ჩართვისთვის და ბიზნეს კავშირების დამყარებისთვის საჭირო უნარების ნაკლებობა; (ბ) სოფლის განვითარების ხელშეწყობისა და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ადგილობრივი აქტივების კონკურენტუნარიანობის გაზრდის ერთიანი ხედვის არარსებობა; და (გ) ეკონომიკური დივერსიფიკაციის ინოვაციური თანამედროვე მიდგომების ნაკლებობა ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების გზით – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეზღუდული რესურსების მქონე ტერიტორიის პოტენციალის ოპტიმიზაცია.
პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის გაძლიერება ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ქვემოდან ზემოდან სტრატეგიული დაგეგმვის გზით. პროექტს სამი ძირითადი შედეგი მოჰყვა: (i) შექმნილია ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) თანაბარი გენდერული და ახალგაზრდული ჩართულობით; (ii) შემუშავებულია გენდერულად თანასწორი და ახალგაზრდებზე მორგებული ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია; და (iii) სოფლის ეკონომიკური დივერსიფიკაციისა და ინკლუზიური ზრდის შესაძლებლობების დემონსტრირება ინოვაციური (ჭკვიანი, მდგრადი, გამძლე) პროექტების განხორციელების გზით.
სოფლის განვითარება და თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარება (CLLD)
პროექტის ფარგლებში შემუშავებულია გენდერულად თანასწორი და ახალგაზრდებზე მორგებული ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს ადგილობრივი მოწყვლადი ჯგუფების სპეციფიკურ საჭიროებებს; ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია დამტკიცებულია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ, რაც ხელს უწყობს შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ინტეგრაციას და განვითარებას. ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების საჭიროებები გაწერილია პრიორიტეტების მიხედვით ეროვნულ სამოქმედო გეგმებში და პროგრამებში. ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია მონაწილეობრივი დაგეგმვის გზით ქმნის გარემოს მიზნობრივი სოფლის ინვესტიციებისთვის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალიტეტის დონეზე.
ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) შექმნილია თანაბარი გენდერული და ახალგაზრდული მონაწილეობით და ჩართულია სოფლის განვითარების პროცესში მონაწილეობრივი მიდგომისა და LEADER-ის პრინციპების გათვალისწინებით. ადგილობრივი ქალები, ახალგაზრდები და დაუცველი ჯგუფები აქტიურობენ და ჩართულნი არიან სოფლის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებში.
ბიზნესგარემოს შექმნა ინკლუზიური ეკონომიკისთვის
პროექტის მხარდაჭერით, ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში გამოკვეთილი პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერების მეშვეობით ჩნდება დასაქმებისა და საარსებო წყაროს შექმნის შესაძლებლობები და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი, განსაკუთრებით ღარიბი და მარგინალიზებული მოსახლეობისთვის. კერძოდ, ხუთი საგრანტო რაუნდის ფარგლებში დაფინანსდა 97 პროექტი, რომელიც მოიცავდა შემდეგ სფეროებს: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, გარემოს დაცვა, წარმოება, განათლება, კულტურა, მომსახურების ინდუსტრია და სპორტი. შეიქმნა 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი.