ხის ნარჩენების ახალი სიცოცხლე - როგორ ეხმარება CENN სოციალურ და მწვანე მეწარმეებს
სტატიის ავტორი: JamNews
ეს არის ფოტოამბავი ახალგაზრდა მეწარმეზე, რომელმაც გამოუყენებელ ხის ნარჩენებს, CENN-ის დახმარებით, ახალი სიცოცხლე შესძინა, ჰობი კი შემოსავლის წყაროდ აქცია.
34 წლის ავთანდილ (ავთო) ჭიკაძეს, ახმეტიდან, რამდენიმე წლის წინ წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ ერთ დღეს საკუთარი საამქრო ექნებოდა.
ხეზე მუშაობა ბავშვობიდან იზიდავდა, მაგრამ, სახლში ამისთვის შესაბამისი პირობები და ინვენტარი არასდროს ჰქონია.
16 წლის წინ, 18 წლის ავთომ თბილისში, ავეჯის საამქროში დაიწყო მუშაობა. საქმე რუტინული იყო. სტანდარტულ ავეჯს, მაგიდებსა და კარებს აწყობდნენ ლამინატისა და მდფ-ისგან.
ამუშავებდნენ ხის მასალაც. ხის ნარჩენები – კუთხეები, ჩამონაჭრები, უხარისხო ნაწილები, ნაგავში იყრებოდა.
ერთ დღეს, თავისუფალ დროს, ავთომ გადაყრილ ნარჩენებს ფორმა მისცა, გაფუჭებული საათის მექანიზმი ჩაუდგა, რკინის ჩარჩოში ჩასვა და მის ხელებში ჯადოსნური საათი აწიკწიკდა. საათი იქვე, საამქროში დაკიდეს.ერთ დღეს, თავისუფალ დროს, ავთომ გადაყრილ ნარჩენებს ფორმა მისცა, გაფუჭებული საათის მექანიზმი ჩაუდგა, რკინის ჩარჩოში ჩასვა და მის ხელებში ჯადოსნური საათი აწიკწიკდა. საათი იქვე, საამქროში დაკიდეს.
რამდენიმე დღეში საამქროში ავეჯის შესაკვეთად ახალგაზრდა ქალი მივიდა. საათი გასაყიდი ეგონა, მოეწონა და მისი ფასი იკითხა.
„თავიდან ხუმრობა გვეგონა. ისე ვუთხარი 140 ლარი-მეთქი. ახლავე მომცემთო?! მეუხერხულა და 100 ლარად მივეცით. სახლში რომ დავბრუნდი, ეს ამბავი მოვყევი და ვიკითხე, რამე გაფუჭებული მექანიზმი ხომ არ გვქონდა.
მას შემდეგ ავთომ ახმეტაში სახერხ საამქროებში სიარული და ხის ნარჩენების შეგროვება დაიწყო.
ასე დაიწყო ახმეტაში გამოუყენებელი ნივთების ახალი სიცოცხლე და გაჩნდა იდეა, ეს ჰობი საქმედ ქცეულიყო.
მაგრამ, მაშინ ავთოს მხოლოდ იდეა და ხის ნარჩენები ჰქონდა.
2020 წლის გაზაფხულზე ორგანიზაცია CENN-მა, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, კავკასიის სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
პროექტს „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში“ ფარგლებში CENN, Green Lane (სომხეთი) და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (საქართველო) ახორციელებენ. პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონის ფარგლებში, ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის აღმოჩენა და განვითარება, სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების გზით.
ავთოს მეუღლემ, იზა ლეგაშვილმა, შემთხვევით, ინტერნეტში CENN-ის განცხადება იპოვა. ავთომ და იზამ განცხადება შეავსეს.
საკონკურსო კომისიას მათი იდეა მოეწონა და ახალგაზრდა წყვილი გასაუბრებაზე დაიბარა.
„მაშინ ბანკში ვმუშაობდი და საბანკო საქმის გარდა არაფერი ვიცოდი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს სამსახურიდან წამოვიდოდი და ოჯახის ბიზნესს ვუხელმძღვანელებდი.
ათი თვის განმავლობაში ვმუშაობდით მენტორებთან – ბუღალტერიიდან დაწყებული მარკეტინგით დამთავრებული, ყველაფერი ვისწავლეთ“.
ეს აქსელერაციის ეტაპი იყო. მაშინ ისწავლა ახალგაზრდა წყვილმა როგორ უნდა ექცია ჰობი ბიზნეს იდეად, როგორ უნდა დაეწერა პროექტი, ბიზნესგეგმა, რა იყო მარკეტინგი, კლიენტებთან ურთიერთობა, რას ნიშნავდა საკუთარი ბრენდის შექმნა და ა.შ.
ასე იქცა ხის დამუშავების ოსტატი ავთო მწვანე მეწარმედ, სესხის ოფიცერი იზა კი -საკუთარი კომპანიის მმართველად.
ავთომ და იზამ CENN-ისგან ორი გრანტი მიიღეს: ერთი საწარმოს დაარსებისთვის და მეორე მასშტაბის ზრდისთვის. ორივე გრანტის ჯამური ღირებულება 38,000 ლარი იყო.
ამ თანხით წყვილმა ახმეტაში საამქრო და შოურუმი მოაწყო. შოურუმად ავტოფარეხი, საამქროდ კი ძველი საკუჭნაო გადააკეთეს.
„ორი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ შენი საამქრო გექნებაო, ვერ დავიჯერებდი. არც მიფიქრია“, – ამბობს ავთო.
CENN-ის დახმარებით იზამ ავთოს ჰობი საქმედ აქცია – კომპანია დაარეგისტრირა, ბრენდის სახელწოდება მოიფიქრა, ლოგო შექმნა.
„კლიენტები რომ ურეკავდნენ ავთოს, სულ ეუბნებოდა: „თუ მენდობით, თუ მენდობით…“ და ასე გამიჩნდა იდეა ბრენდისთვის „მენდე“ დაგვერქმია.
ლოგოც შევქმენით – ხე, გამოკვეთილი ტოტებით, ფერიც ხესთან მიახლოებული ავირჩიეთ“.
ახლა საამქრო „მენდე“ სრული დატვირთვით მუშაობს.
მასალებს – ხისა და რკინის ნარჩენებს, რაც ახალი ნივთებისთვის სჭირდება, ავთო ახმეტაში აგროვებს.
ავთოს შეთანხმება აქვს ხისა და რკინის საწარმოებთან, რომ გამოსაყენებლად უვარგისი მასალა მას მისცენ. ზოგს უფასოდ აძლევენ, ზოგს ყიდულობს.
შეკვეთებს იზა იღებს – კლიენტებთან ურთიერთობა მისი საქმეა. დამკვეთი უმეტესად 25-45 წლის ასაკობრივი კატეგორიაა. ისინი, ვისაც ხელნაკეთი ნივთების ღირებულება კარგად ესმის.
შეკვეთებზე ავთო მუშაობს. საკუთარ საამქროში ამისთვის უკვე ყველა ინვენტარი აქვს.
„მენდეში“ ყველაზე ხშირად ხის საათები, სასანთლეები, სადეგუსტაციო ლანგრები, ჯამები და სხვადასხვა სახის აქსესუარი მზადდება. დღესასწაულებზე თემატურ ნივთებს ქმნიან – საახალწლო და სააღდგომო ხეებს, სუვენირებს.
პერიოდულად ავეჯსაც ამზადებენ: პუფებს, კომოდებს, მაგიდებს.
„მენდეს“ პროდუქცია ამერიკასა და გერმანიაშიც კი გაიყიდა. იქ მცხოვრებმა ქართველებმა იყიდეს.
მწვანე მეწარმეობასთან ერთად, „მენდეს“ კიდევ ერთი მიმართულება – სოციალური მეწარმეობაა.
ავთო და იზა ახმეტელ ახალგზარდებთან მუშაობენ. ავთო მათ ხის დამუშვებას ასწავლის. ბრენდად ქცევის შემდეგ „მენდეში“ ოთხი სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა გადამზადდა.
ერთი მათგანი უკვე თბილისში, ხის საამქროში მუშაობს. ორი ავთოს ეხმარება, ერთი მათგანი ხის დამუშავებაზე მუშაობს, მეორე რკინის შემდუღებელია.
„სულ მინდოდა ახმეტაში რამე გამეკეთებინა, სხვებისთვის მაგალითი მიმეცა. რომ არა CENN-ი და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა, წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ეს ოცნება შეიძლებოდა რეალობად მექცია“, – ამბობს ახალგაზრდა მწვანე მეწარმე.
„მენდეს“ სამომავლო გეგმა ახმეტაში საკუთარი მაღაზიის გახსნაა. ავთოს და იზას სჯერათ, რომ „მენდეს“ ისტორია ჯერ მხოლოდ ახლა იწყება.