CENN-მა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლში 16-17 სექტემბერს მედია ტურს უმასპინძლა.
მედია ტურში მონაწილეობდა ცენტრალური და რეგიონილი მედიების 16 წარმომადგენელი. ისინი ადგილზე გაეცნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებს, მათ შედეგებსა და მნიშვნელობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა მიიღეს ინფორმაცია ახალციხეში, ბოლნისსა და მარნეულში განხორციელებული პროექტების შესახებ, რომელთა ფარგლებშიც შეიქმნა ახალი სოციალური სერვისები, გაუმჯობესდა არსებული სერვისების ხარისხი ან მათზე წვდომა. აღნიშნული სოციალური პროგრამები განკუთვნილია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის, მათ შორის, ხანდაზმულებისთვის, სსმ და შშმ ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის.
პროექტების უფრო ახლოს გაცნობის მიზნით მონაწილეებმა ადგილზე მოინახულეს რამდენიმე მათგანი:
- ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში პერსონალის გადამზადება აუტიზმის ადრეულ ამოცნობასა და ეფექტიანი ზრუნვის განხორციელების მიმართულებით – კამილიელთა სამედიცინო ცენტრი
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ბაღებში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებზე ზრუნვის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა. ამისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის 26 ბაღის 50-მა თანამშრომელმა გაიარა სპეციალური გადამზადება აუტიზმის ადრეული ნიშნების ამოცნობის კუთხით.
- ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული თერაპიის (ABA) სერვისის გაუმჯობესება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი
პროექტის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხელმისაწვდომი გამხდარიყო ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული თერაპია (ABA). პროექტის ფარგლებში ასევე პოპულარიზაცია გაეწია აღნიშნულ მიდგომას, რათა გაზრდილიყო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების საზოგადოებაში ადაპტაცია.
- ხანდაზმულთა სოციალური ინტეგრაციის ცენტრი – სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“
პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი შეიქმნა, რომელიც ღირსეულ და აქტიურ დაბერებასა და ხანდაზმული ადამიანების საზოგადოებაში სოციალიზაციას უწყობს ხელს.
- ნაბიჯი განვითარებისკენ – ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიული და ციფრული უნარების განვითარების გზით – ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ბოლნისში მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და პროფესიული და ციფრული უნარების გაუმჯობესების გზით.
- თანაბარი შესაძლებლობები თანასწორობისთვის – ერთად ერთმანეთისთვის
პროექტის ფარგლებში მარნეულში შეიქმნა საკვირაო სკოლა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, 5-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის, რომლებიც შეისწავლიან ქართულ ენას. პარალელურად, მშობლებისთვის შეიქმნა მშობელთა კლუბი, რომლის ფარგლებში ტარდება სესიები ადრეული განვითარების, პოზიტიური მშობლობისა და ბილინგვური განათლების მნიშვნელობის შესახებ.
მედია ტურის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ დამატებით სამ პროექტზე, რომლებიც სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში განხორციელდა:
- რეგიონული სათემო ორგანიზაციების ცოდნის ამაღლება სახელმწიფო სერვისების შესახებ – კანონის უზენაესობის ცენტრი
პროექტი მიზნად ისახავდა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სერვისების შესახებ ინფორმირებულობისა და ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
- ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ბავშვების კეთილდღეობისა და ადრეული განვითარების ხელშეწყობა – პირველი ნაბიჯი საქართველო
პროექტი მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ბავშვების კეთილდღეობისა და ადრეული განვითარების ხელშეწყობას. ინკლუზიური განათლების შესახებ კომპეტენციის ასამაღლებლად რეგიონში 20-ზე მეტი ბაღის თანმშრომელი გადამზადდა.
- სოციალური სერვისების დანერგვა და შშმ პირებისა და მათი ოჯახებისთვის მხარდაჭერა – ორგანიზაცია „გენი“
პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ადამიანებისთვის სრულფასოვანი, ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობების შექმნასა და მათ რესოციალიზაციაში.
მედია ტურში მონაწილეობით ჟურნალისტები ჩაერთნენ კონკურსში, რომლის ფარგლებშიც მოამზადებენ ვიდეო, აუდიო ან ბეჭდური ფორმატის მასალებს აღნიშნული პროექტების შესახებ. მასალების გამოქვეყნების შემდეგ გამოვლინდება 5 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი, რომლებიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია, რაც ევროკავშირი აყალიბებს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან, მხარს უჭერს მის განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერტიზით, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს.
ევროკავშირი აფინანსებს არაერთ პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერასა და სხვადასხვა ჯგუფების, კერძოდ, ქალების, ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელშეწყობას. ეს ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია უფრო მეტად ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის საქართველოში, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისადმი.
პროექტის შესახებ
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ 4-წლიანი ინტერვენციაა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიმდინარეობს 2022 წლის იანვრიდან. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია CENN-ის მიერ ქვემო ქართლის მედიასთან (KKM) პარტნიორობით.













