ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში, მასშტაბურ ღია ღონისძიებას „საქართველოს მდგრადი ენერგეტიკის დღე“ უმასპინძლა. ღონისძიებას მხარს უჭერნენ CENN და თბილისის მერია.
ღონისძიების მიზანი საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების წახალისება, ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო ალტერნატიული და განახლებადი ენერგიის შესახებ. ამისთვის, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენა და დასწრებოდა საგანმანათლებლო სემინარებსა და სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ პროგრამას.
ნახევარდღიან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებები, კერძო სექტორის, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს რომეო მიქაუტაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბორკო რაიჩევიჩმა, „ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს“ ენერგოეფექტურობის უფროსმა ექსპერტმა, მზია გიორგობიანმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და ეკატერინე გუნცაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
გახსნითი ნაწილის შემდეგ დედაენის პარკში კონკურსის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. თბილისის 3 გამარჯვებულ სკოლას GESRP-ის პროექტისგან სერტიფიკატები და ფულადი ვაუჩერები გადაეცა სკოლის შენობისთვის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესაძენად.
15:00-დან 18:30 საათამდე, სხვადასხვა საგანმანათლებლო ზონაში გასართობი და სახალისო აქტივობები მიმდინარეობდა, რომლებიც ხელს უწყობდა მდგრადობის შესახებ საზოგადოების ცოდნის გაღრმავებას, განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და, ასევე, ხაზს უსვამდა ენერგიის დაზოგვის უპირატესობებს.
საგანმანათლებლო ზონების გარდა, დედაენის ბაღში ორგანიზებულ გამოფენაში ენერგოეფექტური და განახლებადი ტექნოლოგიების მწარმოებელმა და რეალიზატორმა 14-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი პროდუქტები და სერვისები მოიცავდა მზის პანელებს, ელექტრომობილებს, ენერგოეფექტურ ღუმელებს, ბრიკეტებს, და სხვ.
ღონისძიებამ ყველა ასაკობრივი სეგმენტის უმასპინძლა მდიდარი და საინტერესო გამოცდილებებით. ის წარმოადგენდა ფორუმს განათლების, ცნობიერების და ინსპირაციისთვის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენის, საგანმანათლებლო სემინარებისა და სპეციალურად მომზადებული საბავშვო აქტივობების მეშვეობით.
ღონისძიებას უძღვებოდა მომღერალი და წამყვანი ელენე კალანდაძე. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში მოესმინათ მუსიკოსი და კომპოზიტორი, ერეკლე გეწაძისთვის, ღონისძიების ბოლოს კი დასწრებოდნენ მუსიკალურ კონცერტს 4D Monster Lobsters -ის შესრულებით.
საკონტაქტო პირი:
ანა პეტრიაშვილი, კომუნიკაციის მენეჯერი, CENN
E-mail: ana.petriashvili@cenn.org