2025 წლის 25 ივნისს, CENN-მა, დელფტის წყლის განათლების უნივერსიტეტის (IHE Delft) წარმომადგენლებთან ერთად, ალაზნის მულტიაქტორული პლატფორმის წევრებს გვალვისა და მდინარის ჩამონადენის სეზონური პროგროზირების სისტემის სამუშაო ვერსია გააცნო.
ინტერაქტიული, სიმულაციური თამაშის გზით ჯგუფის წევრებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ კლიმატის სერვისის ფუნქციონირების მექანიზმი და სარგებელი. აღნიშნულმა აქტივობამ მონაწილეებს საშუალება მისცა ემსჯელათ სერვისის გაუმჯობესების გზებზე.
შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც CENN, პროექტის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, გააგრძელებს სეზონური პროგნოზირების სისტემის დანერგვაზე მუშაობას.
გვალვისა და მდინარის ჩამონადენის სეზონური პროგროზირების სისტემა იქმნება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის (Horizon 2020) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – კლიმატის ინოვაციური სერვისების შექმნა სამეცნიერო და ადგილობრივი ცოდნის ინტეგრირების გზით (I-CISK) – ფარგლებში, რომელსაც დელფტის წყლის განათლების ინსტიტუტი (IHE Delft) ახორციელებს 13 ორგანიზაციისგან შემდგარ კონსორციუმთან ერთად.
I-CISK პროექტის მთავარი მიზანია თანამონაწილეობითი მიდგომით შეიქმნას კლიმატის ისეთი სერვისები, რომლის საჭიროებაც აქვთ მოქალაქეებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და სხვადასხვა დაინტერსებულ მხარეს, მათთვის შესაბამისი სივრცითი და დროითი მასშტაბით. 2021 წლიდან საქართველოში პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია არის CENN.