CENN-მა, პროკრედიტ ბანკთან თანამშრომლობით, ოფიციალურად გახსნა კონკურსი „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“. კონკურსი მდგრადობის ვორქშოპით გაიხსნა და მას მდგრადობისა და ქცევაზე ორიენტირებული მიდგომის საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ.
კონკურსის მონაწილეებმა მიიღეს ცონდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ნარჩენების აუდიტი და როგორ ხორციელდება ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული კამპანიები.
სატრენინგო სესიები იტალიიდან მოწვეული მდგრადობისა და ა.შ.შ-ში მცხოვრები ადამიანთა ქცევისა და გარემოს დაცვის ექსპერტების დახმარებით ჩატარდა. (Centre for Behaviour & Environment – RARE).
შეხვედრის მსვლელობისას, პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი მენეჯმენტის განყოფილების ხელმძღვანელმა დამსწრეებს მდგრად პრაქტიკებზე გადასვლისა და გარემოსდაცვითი სერტიფიცირების საკითხებზე ბანკში არსებული გამოცდილების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია.
პლასტმასით დაბინძურება საქართველოში არსებული საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელთან გამკლავებაც მოითხოვს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას. სადაზღვეო კომპანია „ირაო“ იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც პლასტმასის შესახებ ცვლილებები შეიტანა ორგანიზაციულ პოლიტიკასა და შესყიდვებში. შეხვედრის განმავლობაში, „ირაოს“ წარმომადგენელმა ისაუბრა იმ აქტივობების შესახებ, რომელიც კომპანიაში ერთდჯერადად გამოყენებადი პლასტმასას შესამცირებლად განხორციელდა.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა პროკრედიტ ბანკის მწვანე ოფისი მოინახულეს და პრაქტიკულად შეიტყვეს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ორგანიზაციებში მწვანე, რესურსეფექტური ღონისძიებების გატარება.
კონკურსი აერთიანებს სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს საქართველოში. უახლოესი თვეების განმავლობაში ისინი თავიანთ ინსტიტუციებში ერთჯერადად მოხმარებადი პლასტმასას შემცირებაზე იმუშავებენ.
კონკურსი „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ ორგანიზებულია გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასის შემცირება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, GIZ, Prevent Waste Alliance-ისა და Rare-ის მხარდაჭერითა და პროკრედიტ ბანკთან პარტნიორობით. პროექტის მედია პარტნიორია BMG.