ველობილიკი “კავიანი”

მთავარი > Portfolio > ყველა პუბლიკაცია > ველობილიკი “კავიანი”

ბროშურა ბილიკის შესახებ

პროფესიონალებისთვის განკუთვნილი ველო-საფეხმავლო ბილიკი ერთმანეთთან აჭარის ორი მაღალმთიანი რაიონის სოფლებს აკავშირებს: კლდისუბანს (შუახევი) და ჯალაბაშვილებს (ქედა). 

მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომლის ნახვაც ბილიკზე შეგიძლიათ, არის მარშრუტის შუაგულში, ზღვის დონიდან დაახლოებით 550 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ისტორიული ციხესიმაგრე „კავიანი“ (12-13 სს.), საიდანაც  მთების, მდინარე აჭარისწყლის და მიმდებარე სოფლების ხედები იშლება. ციხესთან მოწყობილია მოსასვენებელი სივრცე – სკამი და საქანელა, სადაც შეგიძლიათ შეჩერდეთ, დაისვენოთ და გადაიღოთ ლამაზი, პანორამული ფოტოები. 

ველობილიკი გორაკებიანია და ბოლოსკენ უფრო ექსტრემალური ხდება, მკვეთრი მოსახვევებით და დაღმართებით. მკვეთრ მოსახვევებზე დამონტაჟებულია ხის მაღალი დამცავი ბარიერები,  ტრასის მთელ სიგრძეზე კი – ხის დამცავი ღობე. 

ველობილიკის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ გზა გააგრძელოთ სოფელი ჯალაბაშვილებისკენ, იქიდან კი სოფელ დანდალოსკენ აიღოთ გეზი, სადაც კიდევ ერთ ისტორიულ ღირსშესანიშნაობას – თამარ მეფის სახელობის ქვის თაღოვან ხიდს ნახავთ.