CENN-ის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით გამართულმა ეკობანაკებმა 50 მოსწავლეს უმასპინძლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ბულაჩაურის მწვანე ცენტრში სკოლის მოსწავლეებისთვის ივლისსა და აგვისტოში 5-დღიანი ეკობანაკი გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების შესახებ ცოდნის გაზრდასა და ცნობიერების ამაღლებას საინტერესო გუნდური და ინდივიდუალური აქტივობების განხორციელების გზით.
CENN-ის გარემოსდაცვითი სფეროს სპეციალისტებმა ახალგაზრდებს ჩაუტარეს ტრენინგები მდგრადი განვითარების მიზნებზე, კლიმატის ცვლილების გლობალურ გამოწვევებზე, ნარჩენების მართვასა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე.
ბანაკის ფარგლებში კომპანია „პოლივიმმა“ ეკობანაკელებს უმასპინძლა. გადამმუშავებელ დაწესებულებაში ვიზიტისას მოსწავლეები გაეცნენ პლასტმასის გადამუშავების ციკლს, მასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და შესაძლებლობებს.
გარდა ამისა, სესიები ჩატარდა ეკოაქტივიზმის შესახებ. სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე გარემოს დაბინძურებით გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლის დროს.
საგანმანათლებლო მოდული გარემოსდაცვითი საკითხების გარდა მოიცავდა სოციალურ თემებსაც. მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის გამოწვევებსა და სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმებზე. დრო დაეთმო თანამედროვეობისთვის აქტუალურ თემებს, როგორებიცაა მედიაწიგნიერება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა.
ბანაკის მიმდინარეობისას ინფორმაციული შეხვედრა ჩატარდა ევროპული ღირებულებების შესახებ. სესიის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული ქვეყნის ევროპული წარსული და არსებული პერსპექტივა დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე. გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის, თამთა კონჯარიას მიერ ჩატარებულმა სესიამ კი გააფართოვა მონაწილეების ცოდნა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შესახებ.
ბანაკის დასასრულს, მიღებული ცოდნის საფუძველზე, მონაწილეებმა შეიმუშავეს და წარადგინეს სამოქმედო გეგმები, რომლებსაც საკუთარ თემში დაბრუნების შემდეგ განახორციელებენ პლასტმასის ნარჩენებით გამოწვეული დაბინძურებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.
ბანაკის მონაწილეები ნორვეგიის ელჩის მოადგილემ – რებეკა ლიმ სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
ეკო-ბანაკი გაიმართა CENN-ის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, პროექტის „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, პროექტი UNDP-სა და ნორვეგიის უფრო ფართომასშტაბიანი პროგრამის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება, დემოკრატია“ (LEAD) ხელშეწყობით ხორციელდება.