“მწვანე კავკასიის” პროექტის ფარგლებში, ქართველი ქალი მეწარმეები ავსტრიაში მდგრადი ბიზნესების გამოცდილებას გაეცნენ

“მწვანე კავკასიის” პროექტის ფარგლებში, ქართველი ქალი მეწარმეები ავსტრიაში მდგრადი ბიზნესების გამოცდილებას გაეცნენ

25-31 ოქტომბერს CENN-მა, ავსტრიის ტყის, ბუნებრივი საფრთხეებისა და ლანდშაფტის ფედერალური კვლევისა და განათლების ცენტრთან (BFW) თანამშრომლობით, საქართველოს 13 ქალი მეწარმისთვის ავსტრიაში სასწავლო ტური გამართა.

ტურის მიზანი იყო ავსტრიული მწვანე ბიზნესების გამოცდილების გაზიარება და ტყის რესურსების, ბუნებრივი გარემოსა და სოფლის მეურნეობის მდგრად ეკონომიკურ საქმიანობად გარდაქმნის პრაქტიკული შესაძლებლობების გაცნობა. მონაწილეებმა ათი ობიექტი მოინახულეს და გაეცნენ ბიოპროდუქციის წარმოების, ეკოტურიზმის, გარემოსდაცვითი განათლებისა და ბუნებაზე დაფუძნებული ჯანმრთელობისა და დასვენების სერვისების მაგალითებს.

ბიოპროდუქციის წარმოებისა და ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მიმართულებით მონაწილეები გაეცნენ საკვები და სამკურნალო სოკოს მოყვანის გამოცდილებას Waldviertler Pilzgarten-ში, ბიოჩაისა და სანელებლების წარმოებას კომპანია Sonnentor-ში და სამკურნალო მცენარეების მოყვანისა და გადამუშავების პრაქტიკას Biokräuterei Mathiasnhof-ში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წარმოების სრულ ციკლს, ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობასა და პროდუქციის ბაზარზე რეალიზაციას.

ბუნებაზე დაფუძნებული ტურიზმის მიმართულებით მონაწილეებმა მოინახულეს Trailpark Mauerbach, Wildpark Grünau და Naturpark Sparbach. გაეცნენ სამთო ველოსიპედის ბილიკების მართვის, ბუნების დაცვის, სამეცნიერო კვლევისა და ეკოტურისტული სერვისების განვითარების გამოცდილებას.

ტურის კიდევ ერთი მიმართულება ტყის პედაგოგიკა და გარემოსდაცვითი განათლება იყო. NaturPlus-სა და Waldschule Almtal-ში მონაწილეები გაეცნენ ტყეში სწავლების მეთოდებსა და ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო პროგრამებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია Waldschule Almtal-ის გამოცდილებამ, რომელსაც ვოლფების ოჯახი უკვე 30 წელია მართავს.

მონაწილეები ასევე გაეცნენ ბუნებასა და ჯანმრთელობას შორის კავშირს. Auszeithof Enk-ის Green Care ფერმაში მათ დაათვალიერეს ფერმის, როგორც დასვენებისა და კეთილდღეობის სივრცის გამოყენების მოდელი, ხოლო Heilwald Göttweig-ში – ავსტრიის პირველი სერტიფიცირებული სამკურნალო ტყე, სადაც ბუნებრივი გარემო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას ემსახურება.

ვიზიტების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ გაცნობოდნენ მცირე ბიზნესების საქმიანობას, მათ ბიზნესმოდელებსა და განვითარების გზებს და განეხილათ, როგორ შეიძლება მსგავსი გამოცდილების გამოყენება საქართველოს სოფლებში.

ავსტრიული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც ტყის რესურსები, ბიომრავალფეროვნება, ტრადიციული ცოდნა და სოფლის მეურნეობის პოტენციალი სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებს ქმნის. ადგილობრივი პროდუქციის წარმოება–გადამუშავება, ეკოტურიზმი და ტყესთან დაკავშირებული საგანმანათლებლო თუ რეკრეაციული სერვისები შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს, განსაკუთრებით ქალებისა და ტყეზე დამოკიდებული სოფლის თემებისთვის.

სასწავლო ტური განხორციელდა CENN-ის პროექტის „მწვანე კავკასია – მწვანე სოფლის ეკონომიკისა და მდგრადი ენერგეტიკის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით და BFW-სთან თანამშრომლობით.

პროექტი მიზნად ისახავს სოფლის თემებში სიღარიბის შემცირებას, საარსებო პირობების გაუმჯობესებასა და კლიმატური მდგრადობის გაძლიერებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებასა და ტყის რესურსებზე დაფუძნებული მდგრადი საქმიანობების განვითარებას.