აჭარაში, განსაკუთრებით ბათუმში, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი სწრაფად იზრდება. ქალაქში მრავალი დიდმასშტაბიანი ბრენდული სასტუმრო და რესტორანი ფუნქციონირებს, რომლებსაც ისეთი კადრები ესაჭიროებათ, ვინც საერთაშორისო სტანდარტებს კარგად იცნობს. ამ მოთხოვნას წარმატებით პასუხობს კოლეჯი „ბლექსი“, რომელიც რეგიონს მაღალკვალიფიციური პროფესიული კადრებით ამარაგებს.
სექტორის ზრდასთან ერთად, რესურსების რაციონალური მართვა და გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების განუყოფელ ნაწილად იქცა.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირის მხარდაჭერითა და CENN-თან თანამშრომლობით, კოლეჯმა გასტრონომიის მიმართულებაში – კულინარიისა და კონდიტერიის პროგრამებში – ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები დანერგა.
აღნიშნული მიდგომა საკვების ნარჩენების შემცირებასა და მდგრადი პრაქტიკების განვითარებას ემსახურება, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს იმ ღირებულ ცოდნასა და უნარებს, რომლებსაც წამყვანი სასტუმროები და რესტორნები დღეს განსაკუთრებით აფასებენ.
როგორც კოლეჯ „ბლექსის“ დირექტორი, გიორგი გოგიტიძე აღნიშნავს, CENN-თან თანამშრომლობით კულინარიისა და კონდიტერიის მიმართულებებში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა კოლეჯის განვითარების სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს ინიციატივა სასწავლებელს საშუალებას აძლევს, საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო მიუახლოვოს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და გაზარდოს სოციალურად პასუხისმგებელი პროფესიონალები.
რას სძენს ეს ცოდნა მომავალ შეფ-მზარეულებსა და კონდიტერებს?
კულინარიისა და კონდიტერიის პროგრამებში ცირკულარული ეკონომიკისა და უდანაკარგო კულინარიის მეთოდების ინტეგრაცია სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოში მნიშვნელოვან უპირატესობებს ანიჭებს. როგორც კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელი მამუკა მელაძე ამბობს, „დღეს გლობალურ კულინარიულ ინდუსტრიაში მდგრადობა და საკვების ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანა მთავარ სტანდარტად იქცა. უნარჩენო მომზადების მეთოდები პროფესიონალს ასწავლის პროდუქტის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დანახარჯებს. გარდა ამისა, უნარჩენო პრინციპებით მუშაობა ავითარებს ინოვაციურ და კრეატიულ აზროვნებას, რაც ახალი და უნიკალური გემოების ძიების საუკეთესო საშუალებაა. საბოლოო ჯამში, თითოეული ინგრედიენტის ფასისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაცნობიერება სტუდენტებს აყალიბებს მაღალი კლასის, ეთიკურ და თანამედროვე პროფესიონალებად.“
კოლეჯის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა
როგორც კოლეჯის დირექტორი, გიორგი გოგიტიძე აღნიშნავს, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა და მდგრადი განვითარება გლობალური პრიორიტეტია, პროფესიული განათლება კი მუდმივად უნდა პასუხობდეს შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს. კოლეჯი არ ჩერდება მიღწეულზე და გეგმავს ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი პრაქტიკების შემდგომ გაფართოებას. მსგავსი მიდგომებისა და მოდულების ინტეგრირება იგეგმება სასწავლებლის სხვა პროფესიულ პროგრამებშიც (მაგალითად, სასტუმრო მომსახურებასა და ტურიზმში), რათა მდგრადობის კულტურამ მთელი კოლეჯი მოიცვას. გარდა ამისა, CENN-თან და სხვა გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან ერთად იგეგმება ერთობლივი პროექტები, ტრენინგები და პრაქტიკული აქტივობები, ხოლო რეგიონის წამყვან სასტუმროებთან და რესტორნებთან თანამშრომლობა უზრუნველყოფს იმას, რომ სტუდენტების მიერ ათვისებული მდგრადი პრაქტიკები რეალურ სამუშაო სივრცეებშიც დაინერგოს და მასშტაბირდეს.
პროექტის შესახებ
აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მოიცავს კახეთისა და აჭარის რეგიონებს და ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე მწვანე ღირებულებათა ჯაჭვების შექმნასა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრებას.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ცირკულარული ეკონომიკის ცოდნის ჰაბს: https://circulareconomy.ge/ka/