ახალგაზრდა გარემოს დამცველებმა კახეთში პროექტი ,,კახეთის მწვანე ჰორიზონტი’’ განახორციელეს. ეს ინიციატივა მოიაზრებდა კახეთში საცხოვრებელი ზონების გამწვანებასა და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება.
ახალგაზრდებმა შეიძინეს 200-მდე ნერგი, რომლებიც დაურიგეს საბავშვო ბაღსა და სკოლას. ასევე, ორგანიზება გაუწიეს შემეცნებით შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 150-მა ახალგაზრდამ შეძლო გაცნობოდა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ თემებს.
ახალგაზრდა ინიციატორებმა პროექტის იდეას CENN-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერილ, კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკში მონაწილეობისას ჩაუყარეს საფუძველი და ბანაკის დასრულებისთანავე განახორციელეს.
პროექტში ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობა მიიღო გურჯაანის ტექნოპარკმა, საგარეჯოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრმა, სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლამ, სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლამ, სადაც ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, სოფელ არაშენდას საბავშვო ბაღმა, სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლამ (ნერგების ბენეფიციარები), კომპანიებმა ,,იუსკმა’’ და ,,ბიბლუსმა’’.
პროექტის დამსახურებით კახეთის რეგიონის ის ორი ლოკაცია გამწვანდა (ჯამში 200-მდე ნერგი დაირგა), ახალგაზრდებში ამაღლდა ცნობიერება კლიმატის ცვლილებასა და მდგრადი განვითარების თემებზე და ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრებები, რომლის ფარგლებშიც ყველა მონაწილეს გადაეცა მრავალჯერადი ბოთლები, ხოლო გამარჯვებულებს – ბიბლუსის ვაუჩერები.
პროექტის მონაწილეები აპირებენ, რომ აქტიურად განაგრძონ კლიმატის ცვლილების თემატიკის აქტივობებში ჩართულობა: ,,ჩვენს მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას მომავალში არჩეულ პროფესიებს დავუკავშირებთ. ასევე ვეცდებით ჩვენს რეგიონებში ყოველწლიურად ვატაროთ მსგავსი შეხვედრები და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ახალგაზრდებს, უფრო დიდი გახადონ კახეთის მწვანე ჰორიზონტი’’ – აღნიშნავს პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ბარბარე იაგანაშვილი.
ახალგაზრდული ინიციატივები ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით.