კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN-ი განვითარების რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც 25 წელზე მეტია სამხრეთ კავკასიის მასშტაბით გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობს, მდგრადი განვითარებისა და მწვანე ზრდის ხელშეწყობის მიზნით.
CENN-ის სამუშაო არეალი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის განმტკიცება, კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის განვითარება და ქალების, გოგონებისა და ახალგაზრდების გაძლიერება.
1998 წლიდან დღემდე, CENN-მა სამხრეთ კავკასიაში განვითარების 300-მდე პროექტს ჩაუყარა საფუძველი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა სექტორთან, მათ შორის, მთავრობებთან, ბიზნესებთან, აკადემიურ წრეებთან, საგანმანათლებლო და მრავალმხრივი პროფილის დაწესებულებებთან იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს თანამონაწილეობით პროცესებს და გააძლიეროს დიალოგი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე.
ორგანიზაციის მიზნებზე, ფასეულობებსა და პროგრამებზე CENN-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანა პეტრიაშვილი საუბრობს.
რა სახის პროექტებსა და აქტივობებს ახორციელებთ? მდგრადი განვითარებისა და მწვანე ზრდის ხელშეწყობის მიზნით
დაარსების დღიდან, CENN-ი, ძირითადად, გარემოსდაცვით საქმიანობაზე იყო ორიენტირებული. თუმცა წლების განმავლობაში უფრო და უფრო ნათელი გახდა, რომ თანამედროვე სამყაროს პრობლემები ურთიერთდაკავშირებულია და არ არსებობს განვითარების ცალკე მდგომი ასპექტი. აქედან გამომდინარე, მანამდეც კი, სანამ გაერო მდგრადი განვითარების მიზნებს ჩამოაყალიბებდა, CENN-ი იყენებდა განვითარების ჰოლისტიკურ მიდგომას, რაც გარემოსდაცვით საქმიანობაში სოციალური და ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებას გულისხმობდა.
ამ ჰოლისტიკური მიდგომის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, 2021 წელს გადავაფასეთ ორგანიზაციის სტრატეგია და გადავწყვიტეთ, რომ გაგვეფართოებინა ჩვენი მოქმედების სფერო და დაგვეწყო მუშაობა ისეთ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებიც პირდაპირ ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზნებს. ამჟამად, საერთაშორისო ისეთი დონორების დახმარებით, როგორებიცაა ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Sida), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და ა.შ., ჩვენ ვმუშაობთ განვითარების თანამედროვე ინიციატივებზე მთელ რიგ სფეროებში – სოციალური სერვისების შექმნა და გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ფერმერების გაძლიერება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ბიზნესების ხელშეწყობა ცირკულარული მიდგომების დანერგვის კუთხით, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა სოფლის განვითარების მიზნით, სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ტყის მრავალფუნქციური, მდგრადი გამოყენება, დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა და ქალების, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი თემების გაძლიერება.
ჩვენ გვჯერა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა არ არის მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა; ეს არის ერთობლივი ვალდებულება, რომელიც უნდა აერთიანებს ყველა სექტორს. ამ მიდგომის უკეთ ადვოკატირებისათვის, ჩვენ ყოველი წლის ბოლოს გამოვცემთ ანგარიშს, რომელშიც ჩვენ მიერ განხორციელებულ საქმიანობებს მიმოვიხილავთ მდგრადი განვითარების კონკრეტული მიზნის მიღწევის ჭრილში. ვფიქრობთ, ეს კარგი მაგალითია სხვა ორგანიზაციებისთვის, აიღონ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში თავიანთი როლის გაზრდის ვალდებულება და მოახდინონ ამის შესაბამისი ანგარიშგება და კომუნიკაცია ფართო საზოგადოებასთან.
კლიმატის ცვლილებასთან, გარემოს დაცვასთან და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად განხორციელებული პროექტების შესახებ რომ მოგვიყვეთ. რა გამოწვევებია ქვეყანაში ამ მიმართულებით?
საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები სათბურის გაზების ემისიების შემცირების, განახლებადი ენერგიის წყაროების ხელშეწყობისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის მიმართულებით, რაშიც CENN-ი აქტიურადაა ჩართული. ყველა ინიციატივის სრულყოფილად ჩაშლა რთული იქნება, თუმცა გამოვყოფდი რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან პროცესს.
ჩვენ ვახორციელებთ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ „საქართველოს კლიმატის პროგრამას,“ რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. ჩვენ შევქმენით კლიმატის ეროვნული პლატფორმა და რეგიონული სამოქმედო ჯგუფები, რათა პოლიტიკის წარმოება იყოს მეტად გამჭვირვალე და თანამშრომლობაზე ორიენტირებული. პროექტმა საქართველოს ოთხ სამიზნე რეგიონში დააფინანსა 20 ინოვაციური პროექტი კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის, ენერგოეფექტური და განახლებადი ტექნოლოგიების დანერგვისა და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით.
რაც შეეხება ბუნებრივი რესურსების დაცვასა და ენერგოეფექტიანობას, ADC-ის ფინანსური მხარდაჭერით, CENN-ი 2012 წლიდან უწყვეტად არის ჩართული სატყეო პოლიტიკისა და მართვის გაუმჯობესების ინიციატივებში. 2016 წელს სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა საქართველოში სათბობი რესურსების ბაზრის კვლევა, რომელმაც შექმნა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის დამაჯერებელი სურათი ტყეებზე ენერგეტიკული ზეწოლის შესახებ. ამ რეალობამ ტყისა და ენერგეტიკის სექტორის მოთამაშეებს განუსაზღვრა კონკრეტული ამოცანები, რაც მათ შორის მოიაზრებს ტყეების მდგრად და რაციონალურ მართვასა და კონტროლს, მდგრადი ბიომასის წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობას, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების წარმოებას და სხვ.
დაბოლოს, მინდა შევეხო ცირკულარულ ეკონომიკასაც, რაც CENN-ის საქმიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. 2014 წლიდან აქტიურად ვმუშაობთ ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და შესაბამისი ბიზნესგარემოს შექმნაზე. 2014-20 წლებში საფუძველი ჩავუყარეთ სეპარაციის პირველ სისტემას საჯარო სივრცეში და ქვეყანაში შევქმენით ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელის პირველი პრეცედენტი. 2021 წელს კი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა შევიმუშავეთ, რაც პლასტიკის მართვის მიმართულებით არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და მიდგომებს ითვალისწინებს. ამჟამად, UNDP-ისა და GIZ-ის მხარდაჭერით ვმუშაობთ ბიზნესებთან ისეთი ბიზნესმოდელების განვითარებაზე, რომლებიც დანერგავენ შეფუთვების უკან დაბრუნებისა და ხელახალი გამოყენების სისტემას და ხელს შეუწყობენ ერთჯერადი შეფუთვების პრევენციას.
ამ მიმართულებით რა ვალდებულებები აქვს აღებული საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით? რა უნდა გააკეთოს კერძო სექტორმა და სახელმწიფომ გამოწვევების დასაძლევად და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით?
ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველომ აიღო კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილების ვალდებულება, რაც გულისხმობს კლიმატნეიტრალურობის მიღწევას 2050 წლისთვის, ასევე ევროპის მწვანე შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებას პოლიტიკური სფეროების ფართო სპექტრში.
ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კლიმატის ცვლილების სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართულებით – განახლდა ეროვნული დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი და დამტკიცდა 2030 წლის კლიმატის სტრატეგია, შემუშავდა გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული სამოქმედო გეგმის კონცეფცია. ამჟამად ქვეყანა მუშაობს კლიმატის კანონის შემუშავებაზე, რომელმაც ერთიან ჩარჩოში უნდა მოაქციოს კლიმატთან დაკავშირებული კანონმდებლობა.
რაც შეეხება ენერგოეფექტურობას, აქაც მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვს ქვეყანას აღებული – საქართველომ, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრმა ქვეყანამ, ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვან რეფორმებს უნდა ჩაუყაროს საფუძველი, რათა ის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. თუმცა, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს გარდა, აუცილებელია წახალისდეს ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და პრიორიტეტი მიენიჭოს განახლებადი ენერგიის წყაროებს. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, დიდი როლი ენიჭება ბიზნესსაც და სახელმწიფოსაც, რომ შემოიღოს ფინანსურად წამახალისებელი მექანიზმები, გააჩინოს მოთხოვნა მწვანე ტექნოლოგიებზე, დასაქმების ბაზარზე წაახალისოს ე.წ. მწვანე სამსახურები – green jobs და ხელი შეუწყოს ცოდნის გადაცემას.
იგივე შეიძლება ითქვას ნარჩენების მართვის სფეროზეც – წამყვანი როლი აქაც ბიზნესებსა და სახელმწიფოს აქვს. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ისეთი ეკოსისტემისა და საინვესტიციო გარემოს შექმნას, სადაც გადამამუშავებელი სექტორი მზარდი იქნება და ბიზნესები შეძლებენ ცირკულარული მოდელით მუშაობას.
რა იქნებოდა თქვენი რეკომენდაცია როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე, სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის – როგორ შეგვიძლია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და რა როლის შესრულება შეუძლიათ მათ ამ პროცესში?
საქართველოსთვის ახლა უმნიშვნელოვანესი ეტაპი დგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დიდ შესაძლებლობებს გვიხსნის, მაგრამ, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს. ჩვენ ახლა ისტორიულ ეპოქაში ვართ, როცა წყდება ქვეყნის ევროპული მომავალი და ამ პროცესებში დემოკრატიული პრინციპების ერთგულება, თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი ორგანიზაციებისა თუ ბიზნესების მხარდაჭერა გადამწყვეტია.
ევროკავშირი, მის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ლიდერობს დემოკრატიის, თანასწორობისა თუ გარემოსდაცვითი და კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკის კუთხით. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და მისი ევროპული მომავალი განისაზღვრება სწორედ ზემოთხსენებულ ღირებულებებთან ჰარმონიაში ყოფნით და ეს არის ის, რაზეც დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ.