ხის ნარჩენების ახალი სიცოცხლე - როგორ ეხმარება CENN სოციალურ და მწვანე მეწარმეებს
სტატიის ავტორი: JamNews
ეს ისტორია ნაირა ოგანესიანზე გიყვებათ, – ახალგაზრდა მასწავლებელზე, რომელიც სამხრეთ საქართველოს პატარა სომხურ სოფელში, ევროკავშირისა და CENN-ის დახმარებით, საოჯახო ბიზნესს უძღვება, ორ შვილს ზრდის, ადგილობრივ ქალებს ასაქმებს და პატარა თემში გარემოს დაბინძურების შემცირებას ცდილობს.
გზა აღმზრდელობიდან მეწარმეობამდე
სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში, ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე ქაღალდის საჭრელი მანქანა გუგუნებს. ლურჯ უნიფორმებში ჩაცმული ქალები სამზარეულოს ხელსახოცებს კიდეებს უსწორებენ და ფრთხილად ფუთავენ.
საქმე ბევრია. ახალი შეკვეთის დასასრულებლად ქალებს სულ რამდენიმე დღე აქვთ. დამკვეთი იმავე რეგიონის ერთ-ერთი პატარა მაღაზიაა. ხელსახოცების საწარმო „FAMILY”-ს დამკვეთმა ხელსახოცებისა და ჰიგიენური ქაღალდების ახალი პარტია შეუკვეთა.
საოჯახო საწარმო ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა დააარსა.
„ერთ საღამოს, ჩემი ქმარი და მისი ძმა, ვახშმობდნენ და ბიზნესზე ლაპარაკობდნენ. მე ვუსმენდი და ვფიქრობდი, რომ ეს საქმე ალბათ გაამართლებდა. მაგრამ, მაშინ წარმოდგენაც არ შემეძლო, რომ ამ ყველაფრის გაკეთება მე მომიწევდა”, – იცინის ნაირა ოგანესიანი.
ნაირა 30 წლისაა. ის საღამო ოთხი წლის წინ იყო. მაშინ ნაირა სოფლის საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა, მისი ქმარი, ნარეკი კი ადგილობრივ თვითმმართველობაში სპეციალისტი იყო.
იმ პერიოდში ჯავახეთში სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი (American university of Armenia) სოფლის განვითარების პროგრამას იწყებდა (Turpanjian Rural Development Program). ამ პროგრამის მიზანი, სომხეთისა და საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებში, განათლებისა და დაფინანსებით გზით, სოფლის განვითარების ხელშეწყობა იყო.
ნარეკს დრო არ ჰქონდა. ამიტომ, ტრენინგებზე ნაირა წავიდა. შედეგ ცოლ-ქმარმა საგრანტო განაცხადი შეავსო და დაფინანსება მოიპოვა. 3,5 მლნ სომხური დრამით (მაშინ ეს დაახლოებით 7 ათასი დოლარი იყო), ნაირამ და ნარეკმა ეშტიაში ხელსახოცის ცეხი გახსნეს, ერთი დანადგარი იყიდეს და წარმოება დაიწყეს.
„სამცხე-ჯავახეთში ასეთი ცეხი არ იყო და ვიფიქრეთ, რომ ეს კარგი ბიზნესი იქნებოდა. მხოლოდ რეგიონს კი არ დავფარავდით, მის გარეთაც გავყიდდით, იმიტომ რომ ყოველდღიური მოხმარების პროდუქციაა. ეს ბიზნესი რომ დავიწყეთ, ძალიან სტანდარტული მიდგომა გვქონდა, ვყიდულობდით ნედლეულს, ვამზადებდით პროდუქტს და ვყიდდით“, – იხსენებს ნაირა.
საოჯახო ბიზნესში ოჯახის წევრები და ნათესავები იყვნენ ჩართული. საწარმოსაც ამიტომ დაარქვეს „FAMILY” .
როგორ შეცვალა ევროკავშირის და CENN-ის მხარდაჭერამ ახალგაზრდა მეწარმეების ცხოვრება
ორ წელიწადში ნინოწმინდაში ევროკავშირისა და CENN-ის ერთობლივი პროექტი გამოჩნდა. ამ ორგანიზაციის შეხვედრაზე ნარეკი წავიდა.
„შეხვედრიდან ძალიან მოტივირებული დაბრუნდა. მომიყვა, რომ ახალი პროგრამა იწყებოდა, რომლის პრიორიტეტი სოციალური და მწვანე მეწარმეობა და გარემოს დაცვა იყო. ვიფიქრეთ, რომ ძალიან კარგი რაღაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ჩვენი ბიზნესის კონცეფცია სრულიად ამოტრიალდა“, – ამბობს ნაირა.
პროექტი – EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის, CENN-მა პარტნიორ ორგანიზაციებთან Green Lane NGO (სომხეთი) და KRDF (საქართველო), ევროკავშირის დაფინანსებით, 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
პროექტის მიზანი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა. ეს პროექტი ევროკავშირის ახალგაზრდების მხარდამჭერი ფართო ინიციატივისა და EU4Youth პროგრამის ნაწილია.
ნაირამ და ნარეკმა პროექტში მონაწილეობა გადაწყვიტეს და განაცხადი შეავსეს. მათი იდეა ნინოწმინდაში ბიოდეგრადირებადი ხელსახოცების წარმოება იყო, მწვანე მისიის ფარგლებში, „FAMILY”-ს 99%-ით ბამბის ნედლეული, შესაფუთად კი ჩვეულებრივი პოლიეთილენის ნაცვლად, მეორადი უნდა გამოეყენებინა.
„პოლიეთილენი დიდხანს რჩება ნიადაგში და მას ძალიან აზიანებს. მეორადი პოლიეთილენი გარემოზე მიყენებულ ძიანს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამ მიმართულებით დავიწყეთ ფიქრი – გვინდოდა ბიოდეგრადირებად წარმოებაზე გადავსულიყავით“, – ამბობს ნაირა.
განაცხადი მოეწონათ. ნაირა აქსელერაციის ეტაპის გასავლელად წავიდა:
„მაშინ ჩემი მეორე შვილი ძალიან პატარა იყო. ტრენინგებზე მასთან ერთად წავედი. იმდენი საინტერესო რამ ვისწავლე, მივხვდი, რომ ეს საქმე მთლიანად ჩემს თავზე უნდა ამეღო. ვისწავლე როგორ შეიძლებოდა ბიზნესის მინუსი პლუსად მექცია“.
კავკასიის სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსის ფარგლებში, „FAMILY”-მ ევროკავშირისგან 30 ათასი ლარი მიიღო. ამ თანხით საწარმო გაფართოვდა, გარემონტდა, გადაიარაღდა – განახლდა ქაღალდის დასაჭრელი და შესაფუთი ტექნიკა-დანადგარები. შეიძინა სპეციალური უნიფორმები დასაქმებულთათვის, ასევე, ბამბის ნედლეული და შესაფუთი მასალა პროდუქციის საწარმოებლად.
ახლა “FAMILY” ერთადერთი ხელსახოცის საწარმოა რეგიონში, რომელიც სრულად ბიოდეგრადირებადი მასალის წარმოებაზეა გადასული. მათი პროდუქცია, სამზარეულოს ხელსახოცები, ჰიგიენური სამედიცინო სალფეთქი, ჰიგიენური ქაღალდი, არამხოლოდ რეგიონის მასშტაბით არსებულ მაღაზიებში, არამედ, რეგიონს გარეთაც იყიდება.
„თვეში დაახლოებით სამ ტონა ქაღალდს ვაწარმოებთ. სულ შეკვეთებზე ვმუშაობთ“, – ამბობს ნაირა.
ნაირა და ნარეკი ამ საქმეს მხოლოდ ბიზნესის კუთხით აღარ უყურებენ.
„სოფელშიც რომ გავდივარ, ყველას ვუყვები, როგორი საზიანოა ცელოფნის პარკები, როგორ აბინძურებს ნიადაგს. ვცდილობ, რომ ხალხმა ამაზე ფიქრი დაიწყოს. ჩემი დამოკიდებულებაც სრულიად შეიცვალა“, – მეუბნება ნაირა.
გარდა ამისა, “FAMILY”-ს შეთანხმება აქვს სოფლის სკოლასა და საბავშო ბაღთან – მათგან მაკულატურას აგროვებს, სანაცვლოდ კი თავის პროდუქციას აწვდის.
„ერთ კილოგრამ მაკულატურას ერთ კოლოფ ხელსახოცზე, ან ჰიგიენურ ქაღალდზე ვუცვლით. გააჩნია ვის რა სჭირდება. ახლა გვინდა სხვა სკოლებშიც შევიდეთ“.
„FAMILY”-ს სოციალური მისია – როგორ ეხმარება ახალგაზრდა ქალი მეწარმე თემში მცხოვრებ სხვა ქალებს
CENN-ის გამოჩენის შემდეგ, ნაირას და ნარეკის საოჯახო ბიზნესში სხვა ცვლილებებიც მოხდა.
„CENN-ის ტრენინგების შემდეგ მე გამიჩნდა იდეა დაგვესაქმებინა სოფელში მცხოვრები ის ქალები, რომელთაც უმაღლესი განათლება არ აქვთ და არსად უმუშავიათ. ნარეკს ეს იდეა მოეწონა“, – ამბობს ნაირა.
ახლა “FAMILY”-ში ეშტიაში მცხოვრები ხუთი ქალია დასაქმებული. ხელფასი გამომუშავებით აქვთ.
„მაგალითად, ერთ, 100 კილოგრამიან რულონს 15 ლარად ამუშვებენ. დღეში 3 ან 4 რულონს აკეთებენ, შეკვეთას გააჩნია“, – ამბობს ნაირა.
42 წლის მარინა ტეპიკიანს არასოდეს არსად უმუშავია. ოჯახის შემოსავალი ძირითადად მარინას ქმრის მიერ, რუსეთში, სეზონური სამუშაოებით გამომუშავებული თანხაა. ბოლო ორი წელია მარინა ხელსახოცის საწარმოში მუშაობს.
„ეს ჩემი პირველი სამსახურია და სიხარულით მოვდივარ. აქ შემიძლია ცოტა ხნით მოვწყდე სახლის საქმეებს, პრობლემებს. ვმუშაობთ, ვერთობით, ოჯახივით ვართ აქ ყველა“, – ამბობს მარინა.
„ჩემს ქმარზე აღარ ვარ დამოკიდებული“ , – სიცილით ამბობს ჰაიკანუში.
ჰაიკანუშიც ეშტიიდანაა, 42 წლისაა და ეს მისთვისაც პირველი სამსახურია, – „რა თქმა უნდა მომწონს აქ, სახლიდან გამოვდივარ, მარტო ამისთვისაც ღირდა“.
ნაირა ამბობს, რომ მათთან მუშაობა კიდევ ბევრს სურს. ბიზნესის გაფართოების იდეა ცოლ-ქმარსაც აქვს, ამიტომ, მომავალში აქ კიდევ ბევრ ეშტიელ ქალს ელოდებიან.