ევროკავშირის მხარდაჭერით CENN-ის მიერ განხორციელებული „მწვანე გურიის“ პროექტი 4-წლიანი მიმდინარეობის შემდეგ რეგიონში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს. მისი ყველაზე დიდი მონაპოვარი ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG) ჩამოყალიბება და გაძლიერებაა. დღეს უკვე ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის LAG-ები სცილდებიან მხოლოდ პროექტის ფარგლებში მოქმედი ჯგუფების ჩარჩოებს. მათ მიერ დაწყებული ახალი ინიციატივები იმის მტკიცებულებაა, რომ ორგანიზაციები დამოუკიდებელ, თვითმყოფად მოდელზე გადადიან და მზად არიან, „მწვანე გურიის“ დასრულების შემდეგაც რეგიონის გაძლიერების მთავარ საყრდენად დარჩნენ.
მულტიფუნქციური სივრცე ლანჩხუთში
ლანჩხუთის ადგილობრივმა სამოქმედო ჯგუფმა მიზნად დაისახა მუნიციპალიტეტში ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ერთდროულად გახდება ორგანიზაციული საქმიანობის ცენტრიც და ახალგაზრდების შემოქმედებითი თუ საგანმანათლებლო თავშეყრის ადგილიც. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, LAG-ს 10 წლის ვადით, უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცა 50 კვ.მ ფართი ქალაქის ცენტრში. ამჟამად მიმდინარეობს სივრცის რეაბილიტაცია და მისი ფუნქციური მოწყობა.
ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთონ არაფორმალური განათლების პროგრამებში, კულტურულ აქტივობებსა და თეატრალურ სტუდიაში. ამავდროულად, პროექტი ითვალისწინებს საინტერესო ეკონომიკურ კომპონენტს: სივრცეში განთავსდება გრავირების აპარატი. სხვადასხვა ნივთზე (სუვენირებზე, საჩუქრებზე, ორგანიზაციულ ატრიბუტიკაზე) გრავირების სერვისიდან მიღებული შემოსავალი სივრცის საოპერაციო ხარჯების დაფარვას მოხმარდება, რაც ორგანიზაციას გრძელვადიან დამოუკიდებლობასა და მდგრადობას შესძენს.
ოზურგეთის ტურიზმისა და მეწარმეობის ციფრული გზამკვლევი
ოზურგეთის LAG-ი აქცენტს ციფრულ განვითარებაზე აკეთებს. მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით არაერთი წარმატებული ტურისტული თუ სამეწარმეო პროექტი დაფინანსდა, რომელთაც ხელშეწყობა და ფართო აუდიტორიამდე მიტანა სჭირდებათ. ამ საჭიროების საპასუხოდ, ოზურგეთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი ტექნოპარკთან თანამშრომლობით ქმნის ტურიზმისა და მეწარმეობის ციფრულ გზამკვლევს.
ინიციატივის ფარგლებში მზადდება ერთიანი ციფრული ბაზა და მედიამასალები, რომლებიც ინტერნეტსივრცეში განთავსდება. საინფორმაციო ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ქალაქის ძირითად თავშეყრის ადგილებში დამონტაჟდება სპეციალური QR კოდები, რაც ადგილობრივებსა თუ სტუმრებს გზამკვლევზე სწრაფად წვდომის საშუალებას მისცემს. პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ტექნოპარკში მყოფ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, გაიარონ სტაჟირების პროგრამები და შეისწავლონ დრონით გადაღება, ფოტოგრაფია, ვიდეო მონტაჟი და სხვა ციფრული უნარები.
ჩოხატაურის „ცოდნის ბილიკი“
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კი აქცენტი ეკოტურიზმისა და შემეცნების სინთეზზე კეთდება. ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ინიციატივით იქმნება „ჩოხატაურის ცოდნის ბილიკი“, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს რეგიონის ბუნებრივ მემკვიდრეობასა და ადგილობრივ მეწარმეებს. პროექტის ფარგლებში ეწყობა საინფორმაციო სტენდები და მზადდება ციფრული პლატფორმა, რომელიც მოგზაურებს მარტივად მიასწავლის ჩოხატაურის დენდროლოგიურ პარკსა თუ ადგილობრივი მეწარმეების საოჯახო მარნებსა და სახელოსნოებს.
ეს ბილიკი იქცევა არა მხოლოდ საინტერესო ტურისტულ მარშრუტად, არამედ საგანმანათლებლო რესურსადაც სკოლებისა და ეკოკლუბების მოსწავლეებისთვის. მეწარმეებისთვის კი ეს არის შესაძლებლობა, მინიმალური წლიური საწევრო შენატანით, მუდმივად იყვნენ წარმოდგენილნი საერთო პლატფორმაზე და გაზარდონ საკუთარი პროდუქციის ხილვადობა.
გურიის სამივე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ეს ინიციატივები აჩვენებს, რომ ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) მყარად იკიდებენ ფეხს, როგორც დამოუკიდებელი, ინოვაციური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. მათ მიერ შექმნილი ახალი სივრცეები თუ ციფრული ხელსაწყოები გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის გამოცოცხლებასა და ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებას.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.