გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის გაძლიერება და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა პროექტ „მწვანე გურიის“ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ევროკავშირის მხარდაჭერითა და CENN-ის ძალისხმევით, ისეთი ინიციატივები დაფინანსდა, რომლებიც მივიწყებული ტრადიციების გაცოცხლებასთან ერთად, თანამედროვე სტანდარტებსაც ნერგავენ რეგიონში. ეს პროექტები ნათლად აჩვენებს, რომ ადგილობრივი რესურსების ასათვისებლად მიმართული ინვესტიცია, რეგიონის ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარი მამოძრავებელია.
ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ჩოხატაურის რაიონის სოფელ ახალშენში ნინო გუდავაძის მიერ დაარსებული „ყველის სახლი“. რეგიონში, სადაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში თხის მოვლა, ჯიშობრივი განახლება და რძისაგან პროდუქციის წარმოება საგრძნობლად შემცირებული იყო, ევროკავშირის მხარდაჭერით ისტორიული ტრადიცია განახლდა. დღეს ყველის საწარმო ადგილობრივი მოსახლეობისგან დღეში 300 ლიტრამდე რძეს იბარებს, რაც სტიმულს აძლევს მეზობელ ოჯახებს, განავითარონ საკუთარი მეურნეობები. გარდა წარმოებისა, აქ მოწყობილი სადეგუსტაციო კუთხე და მასტერკლასების სივრცე, რაც აგროტურიზმის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მეფუტკრეობის დარგის გაძლიერება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც თამაზ ღლონტმა სოფელ ქვემო აკეთში ფიჭიანი თაფლის საწარმო გახსნა. პროექტის ფარგლებში დაინერგა სიახლე – ეკოლოგიურად სუფთა ხის ჩარჩოები, რომლებიც რკინისა და წებოს გარეშე მზადდება, პროდუქტის ეკოლოგიურ სისუფთავეს უზრუნველყოფს. HACCP სტანდარტების დაცვით აღჭურვილ საწარმოს წელიწადში 25-30 ათასი ერთეული ფიჭიანი თაფლის გამოშვება შეუძლია, რაც გურიაში მეფუტკრეობის პროდუქტებს სრულიად ახალ კომერციულ ღირებულებას სძენს.
რეგიონის მასშტაბით წარმოების გაფართოების თვალსაჩინო ნიმუშია სოფელ გვიმბალაურში მოქმედი შპს „ქართული კალათა“. კომპანიამ, რომელიც 100-მდე დასახელების პროდუქტს, მათ შორის, ჩურჩხელასა და ჩირს აწარმოებს, ევროკავშირის მხარდაჭერით ახალი, მრავალფუნქციური საწარმოს მშენებლობა დაიწყო. ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებისთვის – საწარმოში 30-მდე ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, საწარმო ადგილობრივი ფერმერებისთვის საიმედო პარტნიორი გახდა, რადგან მათ საშუალება ეძლევათ, მოყვანილი მოსავალი პირდაპირ ადგილზე ჩააბარონ და სტაბილური შემოსავალი მიიღონ.
გასტრონომიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება გიორგი ჩხაიძის საოჯახო წარმოება „ბადიში“ ოზურგეთის სოფელ მელექედურში. ნახევარსაუკუნოვანი რეცეპტებით დამზადებული აჯიკისა და საწებლებისთვის საჭირო ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული, დღეს უკვე თანამედროვე სათბურში, მთელი წლის განმავლობაში მოჰყავთ. პროექტის ფარგლებში მოწყობილი მეურნეობა უზრუნველყოფს წარმოების უწყვეტობას, რაც მომხმარებლისთვის მუდმივად სტაბილური ხარისხის გარანტიაა. ეს მიდგომა არა მხოლოდ საწარმოს წარმატებას, არამედ გურული გასტრონომიული კულტურის ავთენტურობის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს.
ევროკავშირისა და CENN-ის მხარდაჭერით განხორციელებული ეს პროექტები ცხადყოფს, რომ გურიის აგროსექტორს აქვს პოტენციალი, იყოს თანამედროვე და წარმატებული. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ადგილობრივი რესურსების გონივრული გამოყენება მეწარმეებს საშუალებას აძლევს, გასცდნენ შინამეურნეობის ფარგლებს, შექმნან სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყონ რეგიონის საერთო ეკონომიკურ გაძლიერებას.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.















