გურიის რეგიონში ადგილობრივი სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება პროექტ „მწვანე გურიის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ევროკავშირის მხარდაჭერით რეგიონში განვითარდა და შეიქმნა ისეთი ბიზნესები, რომლებიც აცოცხლებენ ტრადიციულ საქმიანობას – მეთუნეობა, ცხენოსნობა და დეკორატიული მებაღეობა – ამავდროულად, ქმნიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროდუქტსა და მომსახურებას. ეს ინიციატივები ნათლად წარმოაჩენს გონივრული ინვესტიციისა და გადაიარაღების მნიშვნელობას ადგილობრივი პოტენციალის სწორად ასათვისებლად და განსავითარებლად.
სოფელ აცანაში ბიჭიკო ჩხაიძე საუკუნოვან, საოჯახო საქმიანობას, მეთუნეობას, უკვე 20 წელია აგრძელებს. პროექტის ფარგლებში ბიჭიკოს სახელოსნო აღიჭურვა ახალი დანადგარებით, რამაც გაამარტივა წარმოების პროცესი და გაზარდა ხარისხიანი პროდუქციის შექმნის შესაძლებლობა. გარდა ამისა, სახელოსნო დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მასტერკლასებს, რაც ხელს უწყობს ახალი თაობის ამ დარგის პოპულარიზებას, სტუმრებს კი გურიის კულტურის ახლოს გაცნობის საშუალებას აძლევს.
სოფელ გვიმბალაურში მარიამ ფიფიამ ევროკავშირის მხარდაჭერით, საკუთარი საცხოვრებელი სახლი კერამიკის საწარმო-სტუდიად აქცია. სივრცე აღიჭურვა ყველა საჭირო დანადგარით, შეიქმნა სპეციალური სტენდები პროდუქციის მაღაზიებში გასატანად. ჭურჭლის, დეკორაციებისა და სუვენირების დამზადების გარდა, სტუდიაში ტარდება არტ-თერაპიები და მასტერკლასები. მარიამის კერამიკის სტუდია ლანჩხუთის ტრადიციული მეთუნეობის გაგრძელების კიდევ ერთ კერად იქცა, რაც ზრდის დაინტერესებას როგორც ადგილობრივების, ისე ტურისტების მხრიდან.
მომსახურების სფეროში საქმიანობის გაფართოების თვალსაჩინო მაგალითია გიორგი სირაძის საცხენოსნო ცენტრი „მოქნეული ყაბალახები“ სოფელ მაკვანეთში. პროექტმა ცხენოსნობის ტრადიცია მრავალპროფილურ საქმიანობად აქცია, რაც ერთდროულად მოიცავს სპორტულ, ტურისტულ და სამედიცინო-თერაპიულ მიმართულებებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეში ვიზიტორებს გამოცდილი ინსტრუქტორები ჯირითს ასწავლიან, ცენტრის შიდა მოედანი კი სპეციალურად საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, სარეაბილიტაციო და საცხენოსნო თერაპიისთვის არის განკუთვნილი. ასეთი მრავალფეროვანი და უნიკალური მომსახურებების არსებობა მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის ეკონომიკური მდგრადობისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების საპასუხოდ.
ყვავილების ბაზარზე არსებული დეფიციტის დასაძლევად, მედეა ჯინჭარაძემ ოზურგეთში ალსტრომერიის სათბური მოაწყო. პროექტის მხარდაჭერით აშენდა 313 კვადრატული მეტრის ფართობის სათბური, რომელიც აღჭურვილია სარწყავი სისტემით. სათბურში გაშენებულია ალსტრომერიის 9 ფერის ნიმუში, სადაც ერთი ძირი წლიურად 40 ყვავილს იძლევა. თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვამ ერთი მხრივ, მოსავლიანობა და ხარისხი გაზარდა, მეორე მხრივ, პროდუქციის ხანგრძლივი ვადით შენახვის შესაძლებლობა შექმნა.
ევროკავშირის მხარდაჭერით ოზურგეთში ყვავილების კიდევ ერთი სათბური მოეწყო. ნონა თოდრიამ სოფელ დვაბზუში ვარდების თანამედროვე სათბური ააშენა. 300 კვადრატული მეტრზე 1,500 ძირი საკოლექციო ვარდია გაშენებული, რაც მათი მთელი წლის განმავლობაში მოყვანის შესაძლებლობას იძლევა. ამ ინიციატივის დამსახურებით, რეგიონში გაჩნდა ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის, ადგილობრივ პროდუქციაზე, რაც ამცირებს დამოკიდებულებას სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ ყვავილებზე.
ევროკავშირისა და CENN-ის მხარდაჭერით განხორციელებული ეს პროექტები ცხადყოფს, რომ გურიის ბიზნეს-გარემო მუდმივად ვითარდება. ახალი სტანდარტების დანერგვა და ადგილობრივი რესურსების გონივრული გამოყენება მეწარმეებს საშუალებას აძლევს, გააფართოონ საქმიანობა, შექმნან სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყონ რეგიონის საერთო კეთილდღეობას.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.















