თბილისი, 26 ივნისი, 2024 – ორგანიზაცია CENN-მა, კომპანია Gopa Intec-თან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების „საქართველოს ენერგო სექტორის რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერა“ და „საქართველოს კლიმატის პროგრამა“ ფარგლებში, 25 ივნისს საგამოფენო სივრცე „არტარეაში“ მულტიმედია გამოფენის „პეიზაჟი მოგვითხრობს ამბავს“ გახსნით ღონისძიებას უმასპინძლა.
„პეიზაჟი მოგვითხრობს ამბავს წარმოადგენს ჯგუფურ პროექტს, რომლითაც ქართველი ხელოვანები უერთდებიან საერთაშორისო სახელოვნებო პროცესის ერთ-ერთ მთავარ ტენდენციას და საკუთარ მხატვრულ ხედვებს წარმოადგენენ ენერგიებისა და ენერგომატარებლების თემაზე, მათი სრულყოფისა და გაუმჯობესების გააზრებისას კი ეხებიან კულტურის საფუძვლებს, მითოლოგიას, ორგანული მასალების ენასა და შესაძლებლობებს“, – ამბობს გამოფენის კურატორი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხათუნა ხაბულიანი.
გარემოს ხელოვნება 1960-იანი წლებიდან ავლენს თავს როგორც პეიზაჟის გარდაქმნის არტისტული პრაქტიკა, რაც გულისხმობს ბუნებასთან მეგობრულ თანამშრომლობას, მასზე ზრუნვას და მასთან კავშირის გაცნობიერებულ გაღრმავებას.
„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, ევროკავშირის სახელით ვყოფილიყავი ჩართული მონაწილე ხელოვანების შესარჩევ ჟიურში და მხარი დამეჭირა ამ გამოფენის შექმნისათვის. ხელოვნებას აქვს გამოხატვის უნიკალური ძალა, რაც მას გარემოსდაცვითი საკითხების ეფექტურ საკომუნიკაციო ინსტრუმენტად აქცევს და წვლილი შეაქვს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში“, – განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, ლიზი ვანვიმელბეკმა.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომდგენლები, ხელოვანები, კურატორები და სხვა დაინტერესებული სტუმრები.
გამოფენა 30 ივნისის ჩათვლით იქნება ღია და მისი მონახულება სტუმრებს ყოველ დღე, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე შეეძლებათ.
გამოფენაში მონაწილეობენ: თეო ბურკი, დავით კუხალაშვილი, შოთა იმერლიშვილი, მარიამ საკნელაშვილი, მაკა კილაძე, გვანცა ფანჩულიძე, დიეგო მიქავა, მარიამ ტურაბელიძე, ქეთევან გამდლიშვილი, ელენე გურამიშვილი, ნიკა მომცელიძე.
ხელოვანები 2 თვის განმავლობაში მუშაობდნენ მულტიმედიურ ნამუშევრებზე, რომელთა შორისაც არის ფერწერული ნახატები, სკულპტურა, ვიდეო ინსტალაცია და ილუსტრაცია.
ჯგუფური პროექტი „პეიზაჟი მოგვითხრობს ამბავს“ ენერგო სექტორის რეფორმის საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია, რომელმაც ამჯერად ქართველი ვიზუალური ხელოვანები გააერთიანა. მისი მთავარი მიზანია ვიზუალური ხელოვნების საშუალებით კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენების შერბილებისა და თავიდან აცილების პროცესში უკეთ წარმოაჩინოს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების როლი.
ევროკავშირის შესახებ:
30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshirisakartveloshi/
პროექტების შესახებ:
“საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა” ეხმარება საქართველოს მთავრობის ენერგეტიკულ სექტორში რეფორმების განხორციელებასა და იმ ვალდებულებების შესრულებაში, რომელიც საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანას ეკისრება შემდეგი მიმართულებებით: ენერგოეფექტურობა, შენობების ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიების წახალისება და ენერგეტიკული ბაზარი.
„საქართველოს კლიმატის პროგრამა“ ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, ინკლუზიური მმართველობისა და სამართლიანი განვითარების მიმართულებით ადგილობრივი CSO-ების მხარდაჭერის გზით, რაც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებას და მასთან ადაპტაციას.