CENN-მა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ფარგლებში ქვემო ქართლში მედია ტურს უმასპინძლა.
მედია ტურში მონაწილეობას იღებდა 15 მედიაორგანიზაციის 17-მდე ჟურნალისტი. მედია ტურის მიზანი იყო ჟურნალისტებისათვის გაეცნო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტები, მათი შედეგები და მნიშვნელობა ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ჟურნალისტებმა მიიღეს ინფორმაცია ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული პროექტების შესახებ, მათ შორის იმ სოციალური სერვისების შესახებ, რომელთა დანერგვა მოხდა პროექტის ფარგლებში. აღნიშნული სოციალური პროგრამები განკუთვნილია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის, მათ შორის, მოხუცებისთვის, სსმ და შშმ ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის. მედიის მიიღეს ინფორმაცია რეგიონში სოციალური სერვისების კუთხით საჭიროებების შესახებ.
პროექტების უფრო ახლოს გაცნობის მიზნით მონაწილეებმა ადგილზე მოინახულეს რამდენიმე ქვეგრანტის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივები: 1) დმანისში იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა“, სადაც ევროკავშირის მიერ დაფინანსდა პროექტი “თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი”, რომელმაც ერთმანეთს დააკავშირა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმულები და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები და ამ გზით ხელი შეუწყო ხანდაზმული პირების რესოციალიზაციას; 2) დმანისში დაარსებული დღის ცენტრი, რომელიც ადგილობრივ შშმ ბავშვებსა და ახალგაზრდებს საბაზო სოციალურ სერვისებს სთავაზობს; 3) თეთრიწყაროს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც საგრანტო პროექტის ფარგლებში მოეწყო და ადგილზე სოციალურ სერვისზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
მედია ტურის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ დამატებით სამ პროექტზე, რომლებიც ასევე ქვემო ქართლში განხორციელდა: 4) ორგანიზაცია „ზრუნვა საქართველოს“ მიერ განხორციელებული პროექტი ემსახურებოდა რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელ სსმ ბავშვებისთვის სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას , ინფორმაციის აზერბაიჯანულ ენაზე მიწოდების გზით; 5) გარდაბნის მუნიციპალიტეტში “მარტყოფის ახალგაზრდულმა ცენტრმა” სოციალური სერვისების მიმწოდებელი პროფესიების პოპულარიზებას შეუწყო ხელი; 6) წალკაში კი მარტოდ მცხოვრები და შშმ ბავშვების მშობლების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მხარდაჭერით.
მედია ტურის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებმა აღნიშნული პროექტების შესახებ სასურველი ფორმატის მედია პროდუქტები შექმნეს. მასალები ჯამში 13-მა მედიასაშუალებამ მოამზადა, რომლებიც მათსავე საკომუნიკაციო პლატფორმებზე გამოქვეყნდა.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა სამი საუკეთესო ნამუშევარი, რომელთა ავტორებიც 500₾ ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ:
- Euronews Georgia (გიორგი ბოლქვაძე),
- საზოგადოებრივი მაუწყებელი (რუსუდან ლოლაძე),
- TOK TV წალკა (ლამუნა ირემაშვილი).
მედია ტურის ორგანიზებაში CENN-ს პარტნიორობა გაუწია ორგანიზაცია “ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა” (JRC).
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია, რაც ევროკავშირი აყალიბებს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან, მხარს უჭერს მის განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერტიზით, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს.
ევროკავშირი აფინანსებს არაერთ პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერასა და სხვადასხვა ჯგუფების, კერძოდ, ქალების, ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელშეწყობას. ეს ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია უფრო მეტად ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის საქართველოში, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისადმი.
პროექტის შესახებ
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ 4-წლიანი ინტერვენციაა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიმდინარეობს 2022 წლის იანვრიდან. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია CENN-ის მიერ ქვემო ქართლის მედიასთან (KKM) პარტნიორობით.