„ეზო ფესტივალმა“ 2024 წლის სეზონი ახალი, მწვანე ინიციატივებით დაიწყო. ფესტივალის მისწრაფებაა, გახდეს პიონერი მდგრადი ღონისძიებების მიმართულებით – ამოიღოს ხმარებიდან პლასტმასის ბოთლები, საწრუპები და დაახარისხოს შუშა ხელმეორედ გამოყენებისათვის.
CENN-ის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ფესტივალმა მთელს ტერიტორიაზე მინის ბოთლების დასახარისხებელი 40 პუნქტი მოაწყო, სადაც სტუმრებს შუშის შესაგროვებელი სპეციალური ურნები დახვდებათ.
„ეზო ფესტივალის მიზანია, გახდეს საქართველოში პირველი მდგრადი ფესტივალი გარემოზე ზრუნვის მაღალი სტანდარდით. ჩვენ ვიწყებთ პლასტმასის ნარჩენების შემცირებითა და შუშის ბოთლების დახარისხებით, დახარისხებულ ნარჩენს კი ხელმეორედ გამოვიყენებთ სხვადასხვა დანიშნულებით. წლების განმავლობაში „ეზომ“ შექმნა ადამიანების გაერთიანება მაღალი სოციალური ღირებულებებით, და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს მიერ დასახული გარემოსდაცვითი მიზნების შესრულებაში ჩვენი სტუმრები აქტიურად ჩაერთვებიან. ფესტივალზე აღარ გაიყიდება სასმელი პლასტმასის ბოთლებით, ჩვენ გამოვიყენებთ მხოლოდ შუშის ბოთლებს. გამოყენებული შუშის ბოთლები კი დახარისხდება შემდგომი გადამუშავებისთვის. სტუმრების მხრიდან ნარჩენის სწორად დახარისხება, განსაკუთრებით შუშის ბოთლების შესაბამის კონტეინერებში განთავსება, გადამწყვეტი იქნება პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის,“ – ამბობს ვახუნა ქავთარაძე, ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
“პლასტმასით დაბინძურებასთან ბრძოლა კომპლექსურ და მონაწილეობით მიდგომას მოითხოვს. ამ პროცესში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც მთლიანად საზოგადოების, ასევე მისი თითოეული წევრის ჩართულობას. მისასალმებელია, რომ საქართველოში, გარემოს დაცვასთან და მდგრად ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. მოხარულები ვართ მხარი დავუჭიროთ ეზო ფესტივალის მწვანე ინიციატივას და იმედი გვაქვს, რომ ეს ხალხმრავალი და საინტერესო აქტივობა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი გახდება,“ – აღნიშნავს ლელა აქიაშვილი, UNDP-ის პროექტის მენეჯერი.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მდგრადი ფესტივალები ჩამოყალიბდა როგორც მოძრაობა, რომლის მიზანი გართობის პარალელურად, საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ეკომეგობრული ქცევების წახალისებაა. მსგავსი ღირებულებების მქონე ფესტივალები მიზნად ისახავს მინიმუმამდე დაიყვანოს საკუთარი ეკოლოგიური ნაკვალევი ნარჩენების მართვის სტრატეგიების შემუშავებით, პასუხისმგებლიანი მოხმარების წახალისებით თუ წრიული ეკონომიკის ხელშეწყობით.
„ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ერთჯერადი პლასტმასის აღმოფხვრა. ღონისძიების ორგანიზატორები ცვლიან ერთჯერად ნივთებს მრავალჯერადი ან კომპოსტირებადი ალტერნატივებით და ამ პროცესში აქტიურად რთავენ მომხმარებლებსაც. გვიხარია, რომ მსგავსი პრეცენდენტი უკვე საქართველოშიც არის და იმედი გვაქვს, რომ ეზო ფესტივალი მაგალითის მიმცემი იქნება სხვა ორგანიზატორებისათვის,“ – ამბობს ნანა თაკვარელია, CENN-ის პროექტის მენეჯერი.
დახარისხების პუნქტები დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, (LEAD) „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) პროექტის ინიციატივის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN.