თბილისის 10 სკოლაში, რომლებიც მონაწილეობენ კამპანიაში „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“, ენერგოეფექტურობის საკითხებზე ტრენინგები და ენერგოაუდიტი ჩატარდა.
აღნიშნული აქტივობები გაიმართა “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით ახორციელებს.
სკოლებში ჩატარებულ ტრენინგებს შენობების ენერგოეფექტურობაზე, განახლებადი ენერგიის წყაროებსა და ენერგიის დაზოგვის მექანიზმებზე 150-მდე მოსწავლე დაესწრო. კამპანიაში ჩართული სკოლები ტრენინგებით მიღებულ ცოდნას სწავლის პროცესის დასრულებამდე პრაქტიკაში დანერგავენ და ერთმანეთს ენერგოეფექტური აქტივობების განხორციელებაში შეეჯიბრებიან.
ივნისის ბოლოს სხვადასხვა უწყებისაგან დაკომპლექტებული კომისია 3 გამარჯვებულ სკოლას გამოავლენს და ენერგოეფექტური პრიზებით დააჯილდოებს, ხოლო კამპანიის ყველა მონაწილე მოსწავლესა და მასწავლებელს სერტიფიკატები გადაეცემა.
კონკურსის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ შესახებ
კონკურსი სახელწოდებით ,,გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური” თბილისის 10 სკოლას ეხმარება ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკის შემოღებასა და ენერგოეფექტურობის წახალისებაში. ის, ასევე, ხელს უწყობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას.
კონკურსის მონაწილე სკოლები არიან:
1. ქალაქ თბილისის #169 საჯარო სკოლა
2. ქალაქ თბილისის #71 საჯარო სკოლა
3. სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესს“
4. ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის #106 საჯარო სკოლა
5. ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლა
6. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლა
7. კერძო სკოლა “ჯეჯილი”
8. ქალაქ თბილისის #178 საჯარო სკოლა
9. სკოლა “დეა”
10. ქალაქ თბილისის #177 საჯარო სკოლა
აღნიშნული კამპანია ერთ-ერთია იმ ღონისძიებათა შორის, რომელიც “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.
პროექტის შესახებ
“საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა” 2021 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დახმარებას ენერგეტიკულ სექტორში რეფორმების განხორციელებისა და იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანას ეკისრება შემდეგი მიმართულებებით: ენერგოეფექტურობა, შენობების ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიების წახალისება და ენერგეტიკული ბაზარი.