ახალგაზრდა გარემოსდამცველებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ცნობიერების ამაღლების მიზნით პროექტი ,,ეკოსხივი’’ განახორციელეს. პროექტისა და გუნდის წევრების მიზანი იყო ელექტროენერგიის დაზოგვასა და მზის ენერგიის რაციონალურად გამოყენებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. ახალგაზრდება ოზურგეთში მზის ენერგიაზე მომუშავე დამტენები დაამონტაჟეს, რომლითაც შესაძლებელია მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვა.
ახალგაზრდა ინიციატორებმა პროექტის იდეას CENN-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერილ, კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკში მონაწილეობისას ჩაუყარეს საფუძველი და ბანაკის დასრულებისთანავე განახორციელეს.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთში არსებულმა სკოლებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა პედაგოგოთა კავშირმა’’, მის ბაზაზე არსებულმა ლიდერთა სკოლამ, მერიამ და თავად პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა.
პროექტს თან სდევდა საინფორმაციო კამპანია განახლებად ენერგიასთან და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით, პროექტის მონაწილეები შეხვდნენ ადგილობრივ მერიას, დაუკავშირდნენ ჰელიო დამტენების მწარმოებელ კომპანიას და საბოლოოდ ოზურგეთის ჭადრების ბაღში დამტენები და საინფორმაციო ბანერები დამონტაჟდა. დასკვნით ეტაპზე, გაიმართა გახსნითი ღონისძიება, სადაც პროექტის ორგანიზატორებმა მოსახლეობას ჰელიო დამტენების გამოყენების წესები გააცნეს.
პროექტის შედეგად, საზოგადოებაში გაიზარდა ცნობიერება და ხელი შეეწყო ელექტროენერგიის დაზოგვასა და მზის ენერგიის რესურსების გამოყენების პრაქტიკის წახალისებას.
ჩვენს ერთ-ერთ ახალგაზრდა ინიციატორს სამომავლო გეგმების შესახებ გავესაუბრეთ: ,,ჩვენ გვსურს უფრო მეტ პროექტში მონაწილეობის მიღება, რათა ჩვენს რეგიონში მოვახდინოთ ეკომეგობრული მოწყობილობების პოპულარიზაცია. გვინდა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი რეგიონი ერთ-ერთი მოწინავე იყოს, შესაბამისად ვცდილობთ რესურსებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად და რაციონალურად მოხმარებას’’. – აღნიშნავს პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი, მარიამ ტოტოჩავა.
ახალგაზრდული ინიციატივები ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით.