გურიის რეგიონი, თავისი ხელუხლებელი ბუნებით, მთისა და ზღვის ჰაერის უნიკალური ნაზავით, სულ უფრო მიმზიდველი ხდება მათთვის, ვისაც ურბანული ხმაურისგან შორს, ბუნებაში განტვირთვა სურს. პროექტ „მწვანე გურიის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და CENN-ის დახმარებით, რეგიონის ტურისტული პოტენციალი საგრძნობლად გაძლიერდა. ადგილობრივმა ინიციატივებმა, რომლებიც ევროპულ გამოცდილებასა და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას ეფუძნება, გზა გაუხსნა მაღალი სტანდარტის დასასვენებელ სივრცეებს, სადაც ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობა მთავარი პრიორიტეტია.
თანამედროვე ეკო-ტურიზმის ახალ ტენდენციებს პასუხობს ქეთევან წილოსანის პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუნმერეში. „გლემფინგ ჯუნმერე“ ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც ორ ეკოლოგიურ გლემფინგ-გუმბათს აერთიანებს. თითოეული მათგანი აღჭურვილია ინდივიდუალური ფინური ჯაკუზითა და ტერასით, ინტერიერში კი გამოყენებულია ტრადიციული ადგილობრივი დეტალები, რაც გარემოსთან მაქსიმალური სიახლოვისა და კომფორტის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. საოჯახო ნაკვეთზე მოწყობილი ეს ინოვაციური დასასვენებელი სივრცე, ასევე მოიცავს კემპინგის ზონასა და საპიკნიკე ადგილებს, რაც ხელს უწყობს გურიის ცნობადობის გავრცელებასა და რეგიონის ეკონომიკური აქტივობის ზრდას.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერკეთში მდებარე კობიძის მარანი და კოტეჯები მდგრადი აგრო-ტურიზმის საუკეთესო მაგალითია. ჩოხატაურში ტურისტული ინფრასტრუქტურის გამოწვევის საპასუხოდ, „მწვანე გურიის“ პროექტის მხარდაჭერით, დავით კობიძემ 2 ეკო-მეგობრული კოტეჯი ააშენა, თითოეული 4 პერსონაზეა გათვლილი და წელიწადში დაახლოებით 800-900 დამსვენებელს მასპინძლობს. სივრცე აღჭურვილია HACCP-ის სტანდარტების შესაბამისი სამზარეულოთი, სადაც ჯანსაღი, ადგილობრივი პროდუქტებისგან მომზადებული კერძებით უმასპინძლდებიან. დამსვენებელს ასევე შესაძლებლობა აქვს თავად ჩაერთოს თაფლის დაწურვაში, რთველსა თუ ჩურჩხელის ამოვლებაში, რაც ამ ადგილს განსაკუთრებულ ავთენტურობას ანიჭებს.
მდგრადი განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობის გამორჩეული მაგალითია ნათია ტრაპაიძის „კოტეჯი ტბასთან“, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში მდებარეობს. ევროკავშირის მხარდაჭერით აშენებული სივრცე სრულად არის ნაგები ენერგოეფექტური მასალებით, ხოლო გარე განათების სისტემა მზის ენერგიაზე მუშაობს. პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა მისი სრული ადაპტაცია შშმ პირებზე, რაც რეგიონში ეკო-ტურიზმის ხელმისაწვდომობის ძალიან საჭირო სტანდარტს ამკვიდრებს.
გარემოსდაცვით სტანდარტებსა და ბუნებასთან მაქსიმალურ სიახლოვეზეა ორიენტირებული ლიკა დუმბაძის მიერ შექმნილი „დუმბო ეკო ქემფი“, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, მდინარე ბჟუჟის სანაპიროსთან მდებარეობს. „მწვანე გურიის“ პროექტის ფარგლებში, მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, ბანაკის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაფართოვდა – აშენდა ორი ახალი ხის კოტეჯი, რომლებიც ერთდროულად 14 სტუმარს უმასპინძლოს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკოლოგიურ უსაფრთხოებას – დამონტაჟდა თანამედროვე სეპტიკური სისტემა ნიადაგისა და მდინარის დასაცავად, ხოლო არსებული ღია სამზარეულო HACCP-ის სტანდარტებს მოერგო. ეს ინვესტიცია ბანაკს საშუალებას აძლევს, სტუმრებს არა მხოლოდ ავთენტური გურული კერძები შესთავაზოს, არამედ ჩაატაროს კულინარიული მასტერკლასები და დაასაქმოს ადგილობრივი მზარეულები, რაც პროექტს სოციალურ და ეკონომიკურ ღირებულებასაც ჰმატებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღდადში მდებარე „ნიკო მამასახლისის მამული“, ის ადგილია, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთიანდება. ევროკავშირის მხარდაჭერით, აქ აქცენტი გარე სივრცეების მოწყობასა და სასტუმრო ინვენტარის განახლებაზე გაკეთდა, რის შედეგადაც შეიქმნა მრავალ ფუნქციური გარემო. ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული ზონა ტენისის მაგიდით, საზაფხულო აუზი და საბავშვო კუთხე ეკო-მასალისგან დამზადებული სათამაშოებით. ასევე მოეწყო მულტიფუნქციური მოსასვენებელი ფანჩატური, რომელიც თავისი კონცეფციით სამ სხვადასხვა საჭიროებას პასუხობს: ის ერთდროულად არის ღია სამუშაო სივრცე, სადეგუსტაციო ზონა და სარეკრეაციო კუთხე სიმშვიდეში განტვირთვისთვის. ასეთი ინფრასტრუქტურა და გარემო მამულს საშუალებას აძლევს, თითქმის მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლოს სხვადასხვა ინტერესის მქონე დამსვენებლებს.
გურიის სავიზიტო ბარათად იქცა დარეჯან ბერძენიშვილის საოჯახო კომპლექსი „სკიჯის სახლი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. ევროკავშირის მხარდაჭერით აქ მოეწყო მაღალი სტანდარტის საოჯახო სასტუმრო, რომელიც ავთენტურ გურულ ეზო-კარსა და თანამედროვე კომფორტს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყო ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებას – სტუმრებს შეუძლიათ შეიძინონ იქვე დამზადებული ჩირი, ჯემები და ხილის ჩაი, რაც მდგრადი ტურიზმის ეკონომიკური ჯაჭვის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ევროკავშირისა და CENN-ის მიერ მხარდაჭერილი ეს ინიციატივები ადასტურებს, რომ გურიას აქვს რესურსი, გახდეს საქართველოს წამყვანი ტურისტული მიმართულება, სადაც ტრადიცია და ინოვაცია ერთმანეთს მდგრადი მომავლისთვის ხვდება.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.















