პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა საქართველოსთვის (NPWPP)

პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა საქართველოსთვის (NPWPP)
მოკლე მიმოხილვა

ხანგრძლივობა: 01/01/2021 – 01/12/2021

გეოგრაფიული დაფარვა: საქართველო

Iგანმახორციელებელი: CENN

დონორი: ნორვეგიის საელჩო საქართველოში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პროექტის აღწერა

საქართველოს ნარჩენების მართვის კანონმდებლობის მიხედვით, ნარჩენების პრევენცია, ხელახლა გამოყენება და გადამუშავება ქვეყანაში უახლოეს მომავალში განსახორციელებელი პრიორიტეტული მიზნების ჩამონათვალშია. თუმცა დღესდღეობით, პლასტმასის მეორადი გამოყენება და გადამუშავება  ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალ დონეზეა, დიდი რაოდენობით პლასტმასის ნაწარმი იყრება ნაგავსაყრელზე და ზოგადად, რეციკლირებულ პლასტმასაზე მოთხოვნა საკმაოდ დაბალია საქართველოში.

CENN დაეხმარა საქართველოს მთავრობას/გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის (პნპეპ)  შემუშავებაში. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობდა. პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული იყო საქართველოს დიდი ქალაქების ცენტრალური სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლება სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. თვით დოკუმენტის განხილვა კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდა. პროექტის საქმიანობა ასევე მოიცავდა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის, მათ შორის საქართველოს მთავრობის, ბიზნეს სექტორისა და ფართო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარებას, განათლებასა და ცნობიერების ამაღლებას პლასტმასის ნარჩენების პრევენციისა და სათანადო მართვის მნიშვნელობის შესახებ.

პროექტის მიზნები

პროექტის მიზანი იყო პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის (პნპეპ) შემუშავება დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობით ეროვნული კანონმდებლობისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად, ასევე დაინტერესებულ მხარეთა ცნობიერების ამაღლება პლასტმასის ნარჩენების პრევენციის მნიშვნელობის შესახებ.

პროექტის შედეგები

ცირკულარული ეკონომიკა და რესურსეფექტიანობა

პროგრამის მხარდაჭერით შემუშავდა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა, რომელიც ასახავს საქართველოში პლასტიკური ღირებულების ჯაჭვში ჩართული ყველა ძირითადი მოთამაშის მოსაზრებებს და ხედვებს. დოკუმენტი მოიცავს 10-წლიან სტრატეგიას და 5-წლიან სამოქმედო გეგმას და შეესაბამება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების და ევროკავშირის მწვანე შეთანხმების მოთხოვნებს. პროგრამაში დასახულია პლასტმასის პრევენციის მიზნები და განსაზღვრულია პლასტმასის პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების შესაბამისი ზომები.

პოლიტიკურ დონეზე პროექტმა შეძლო მთავარ დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევა იმის შესახებ, რომ საჭიროა პლასტმასით დაბინძურების შემცირება  პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის განხორციელების მეშვეობით.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საკომუნიკაციო და საინფორმაციო მედია კამპანია, რის შედეგადაც გაიზარდა 174000-ზე მეტი ადამიანის (დაინტერესებული მხარეები და ფართო საზოგადოება) ინფორმირებულობა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის უპირატესობებისა და პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის მნიშვნელობის შესახებ. კონკრეტულად, პროექტის მედია კამპანიის ფარგლებში 50-ზე მეტი პუბლიკაცია დაიბეჭდა ონლაინ და ბეჭდურ ჟურნალებში და სოციალურ მედიაში, გავიდა 5 სატელევიზიო გადაცემა, 2 ინფოგრაფიკა და 2 ვიდეო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ფოტოგრაფიის სკოლასთან, ასევე ბიზნეს სექტორთან –  გალფთან (Gulf Georgia), ტოიოტასთან (Toyota Caucasus)  და  კარფურთან (Carrefour Georgia) თანამშრომლობით ჩატარდა ორი ონლაინ კონკურსი ფოტოგრაფებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ბლოგერებისთვის – ‘დავამარცხოთ პლასტმასით დაბინძურება’. კონკურსში ჯამში 30 ფოტოგრაფი და 32 ჟურნალისტი და ბლოგერი მონაწილეობდა.