ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, მილიარდობით ტონა საკვები ნაგავსაყრელზე ხვდება, რაც მთლიანი წარმოების თითქმის მესამედს შეადგენს. ამავდროულად, ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვები უსასრულოდ გროვდება, ხოლო ვიზუალურად ნაკლებად მიმზიდველი, თუმცა სრულფასოვანი ხილი და ბოსტნეული უარყოფილია მხოლოდ იმიტომ, რომ სუპერმარკეტების „სილამაზის სტანდარტებს“ არ შეესაბამება.
ეს ყველაფერი საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ვკითხოთ საკუთარ თავს: ხომ არ მოვიდა დრო, ინდუსტრიამ, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების უდიდესი ნაწილია, სერიოზულად გადახედოს საკუთარ მოდელს? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადამუშავებისა და ხელახალი გამოყენების სისტემები უკვე გვაქვს.
რატომ სჭირდება სურსათისა და სასმელის ინდუსტრიას წრიული მეთოდები?
დღევანდელი კვების სისტემა კოლოსალურ რესურსებს მოიხმარს, რომელთა დიდი ნაწილი საბოლოოდ ისევ ნაგავსაყრელზე ხვდება, სადაც გახრწნისას მავნე გაზებს გამოყოფს. ცირკულარული ეკონომიკა ამ ჩაკეტილი წრის შეჩერებასა და მის უკეთესად აწყობას ცდილობს სამი მნიშვნელოვანი პრინციპით:
- ნარჩენების შემცირება – თუ თავიდანვე შეცვლით, პროდუქტის წარმოების, შეფუთვისა და მოხმარების პროცესს, ნარჩენიც ნაკლები იქნება;
- განმეორებითი გამოყენება და გადამუშავება – თუ კი თანაპროდუქტებს ახალ დანიშნულებას ვუპოვით და არ შევხედავთ როგორც ნაგავს, შეგვიძლია ისინი ღირებულ რესურსად ვაქციოთ;
- ბუნების აღდგენა – ისეთი სისტემების შექმნა, რომლებიც ბუნებას აღადგენს და არ ცვეთს.
ინოვაციები, რომლებიც ნარჩენებისგან ღირებულებას ქმნის
თანაპროდუქტის გადამუშავება
იმის ნაცვლად, რომ გაუმართავი პროდუქცია ან წარმოების ნარჩენები ნაგავსაყრელზე გაუშვან, ინოვაციური კომპანიები მათ ახალ, ღირებულ პროდუქტად გარდაქმნიან. მაგალითად, არაერთმა კომპანიამ ყავის ნალექის გამოყენება სოკოს გასაზრდელად ან კოსმეტიკური პროდუქტების წარმოებაში დაიწყო. თანაპროდუქტის გადამუშავების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი არის, ლუდის ქარხნები, რომლებიც ბურღულეულს (spent grain) გადაამუშავებენ საკვებ ფქვილად. ასევე არსებობენ კომპანიები, რომლებიც შეიძენენ იმ “ულამაზო” ბოსტნეულსა და ხილს, რომელიც სუპერმარკეტების დახლებზე ვერ ხვდება, და გარდაქმნის წვენებად, წასახემსებლად და წვნიანებად.
სწორედ, ასეთ მიდგომაზეა აგებული ისეთი ბიზნეს მოდელები, როგორიცაა To Good to Go და Imperfect Foods, რომლებიც აჩვენებენ, რომ ეკოლოგიური მიდგომა მომგებიანიც არის.
უარი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასას
ეს ტრენდი ახალი ნამდვილად არ არის. უკვე ათწლეულებია, რაც კომპანიები აქტიურად ცდილობენ უარი თქვან ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის შეფუთვებზე და ეკოლოგიურად სუფთა და გადამუშავებადი პრაქტიკები აითვისონ. მაგალითად, არაერთი კომპანია საჭმელად ვარგის, ზღვის მცენარეებზე დაფუძნებული წყლის კაფსულების შეფუთვას იყენებს. გარდა ამისა, ისინი იყენებენ კომპოსტირებად კონტეინერებს, რომლებიც მცენარეული ბოჭკოსგან მზადდება და ბუნებრივად იშლება.
ისეთ ქვეყნებში, სადაც ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკები, ჯერ კიდევ სიახლეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ათვისება. ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ქართული კომპანია “კამპა” (Campa), რომელიც უკვე 16 წელია აწარმოებს ხარისხიან, ადგილობრივ წვენებს. კომპანია, დღეს თანამშრომლობს ორგანიზაცია CENN-თან, რომელიც GIZ-ისა და ICLEI-ის მხარდაჭერით, ეხმარება “კამპა”-ს შეიმუშაოს მრავალჯერადი მინის ბოთლებისა და მუყაოს შეფუთვის ხელახალი გამოყენების სისტემა, რითაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებსა და ეკოლოგიურ ზემოქმედებას.
წარმოება ნულოვანი ნარჩენით
მომავალზე ორიენტირებული კომპანიები ქმნიან საწარმოო მოდელებს, სადაც ერთი ეტაპის ნარჩენი ხდება მეორე ეტაპის რესურსი. მაგალითად, ლუდის ქარხნებში, ხშირად, ნარჩენ წყალს იყენებენ წყალმცენარეების მოსაყვანად, რომლებიც შემდეგ გარდაიქმნება ბიოსაწვავად. ასევე, რძის ფერმები აგროვებენ მეთანს ნაკელისგან და ქმნიან განახლებად ბიოგაზს. სწორედ ასეთ სისტემებს შეუძლიათ შეამცირონ გარემოზე ზეწოლა და ეკონომიკური სარგებელი მოუტანონ მწარმოებლებს.
როგორ დავუჭიროთ მხარი წრიულ ეკონომიკას?
ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკების ათვისება მხოლოდ კომპანიების პასუხისმგებლობა არ არის. მომხმარებლებიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ ამ პროცესში (რა თქმა უნდა, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის პარალელურად).
ცვლილება უკეთესი მომავლისკენ იწყება ყოველდღიური ჩვევების გარდასახვით:
- იყიდეთ “ულამაზო” ბოსტნეული და ხილი – მათი გემო არაფრით განსხვავდება “ლამაზი” ბოსტნეულისა და ხილისაგან. მათი შეძენა კი ნარჩენებს ამცირებს;
- დააკომპოსტეთ საჭმლის ნარჩენი – სახლის პირობებშიც შეგიძლიათ გადაამუშაოთ ნარჩენები, ნარჩენების დასაორგანიზებელი ყუთის მეშვეობით;
- აირჩიეთ მრავალჯერადი ან კომპოსტირებადი შეფუთვები – ისარგებლეთ მრავალჯერადი მოხმარების ჩანთებით და თავი აარიდეთ ერთჯერადი გამოყენების, პლასტიკურ ჩანთებს, როდესაც მაღაზიაში მიდიხართ;
- მხარი დაუჭირეთ ცირკულარულ ბრენდებს – შეარჩიეთ კომპანიები, რომლებიც ნულოვან ნარჩენზე არიან ორიენტირებულნი და წრიული ეკონომიკის პრინციპების მიხედვით მუშაობენ.
წრიული ეკონომიკა ქმნის მომავალს
სურსათის ინდუსტრია ჯერ კიდევ დიდ ეკოლოგიურ ნაკვალევს ტოვებს. სწორედ ამიტომ, ეს ის სფეროა, რომელშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წრიული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა და გამოყენება. ცირკულარული ეკონომიკა გვიჩვენებს გზას, სადაც ნარჩენები აღარ არსებობს და თითოეული რესურსი ფასდება.
წრიული მომავალი შენდება ნაბიჯ-ნაბიჯ და ცირკულარულად – თითოეული ჩვენგანის ჩართულობით. მომავალში კი, როდესაც ყავის გადამუშავებად პაკეტს შეიძენ ან საჭმლის ნარჩენებს კომპოსტში ჩაყრი, გაიხსენე შენი წვლილი წრიული ეკონომიკის პრინციპების ათვისებასა და შენარჩუნებაში.